ახალი ამბები

“ჩემი შვილი კორონავირუსზე მკურნალობს – შემიშვებენ მასთან პალატაში?”

21 აპრილი, 2020 • 1843
“ჩემი შვილი კორონავირუსზე მკურნალობს – შემიშვებენ მასთან პალატაში?”

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. ამის ფონზე, მშობელთა ნაწილს უჩნდება კითხვა – “ჩემს შვილს, რომ კორონავირუსი დაუდასტურონ, შემიშვებენ მასთან პალატაში?”

ნეტგაზეთთან ამ საკითხზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა-ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა ისაუბრა. მედიკოსი კორონავირუსით ინფიცირებულ ზრდასრულ პაციენტებთან ერთად ამავე დიაგნოზით კლინიკაში მყოფ ბავშვებსაც მკურნალობს.

მეჭურჭლიშვილი გვიყვება, რომ ამ ეტაპზე, ინფექციურში კორონავირუსზე არცერთი ბავშვი არ მკურნალობს, რომელიც რომელიმე ოჯახის წევრთან ერთად არაა. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფიცირებული მხოლოდ ბავშვი იქნება და მშობელი – არა, კლინიკას შემდეგი გეგმა აქვს:

„თუ ასეთი ბავშვი იქნება, არასრულწლოვანი, რომელიც საკუთარ თავს ვერ მოუვლის და თუ არცერთი ოჯახის წევრი, მაგალითად, მშობლები ან ბებია-ბაბუა ინფიცირებული არ იქნება, ამ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ერთი მშობელი, დედა მაინც დარჩეს, თუ ამის სურვილი ექნა. ცხადია, რომ მას ჩვენ რისკებს ვუხსნით.

დაახლოებით 2 კვირის წინ გვქონდა ბოლო ჩართვა ჩინელ ექიმებთან და ჯერ კიდევ არ იყო დაფიქსირებული არცერთი შემთხვევა ამ ვირუსის ბავშვიდან სრულწლოვანზე გადაცემის. ამასთანავე, ყველა მშობელი გაფრთხილებულია და დარჩენის შემთხვევაშიც, დაიცავს ყველა შესაძლო რეკომენდაციას“, – ამბობს ექიმი.

რევაზ მეჭურჭლიშვილი დასძენს, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში არსებობს მკურნალობის ზოგადი პროტოკოლი, რომლის ნაწილიც ვრცელდება ასევე ბავშვებზე, თუმცა ცალკე აღებული ბავშვების პროტოკოლი არ არსებობს.

„ჩვენ არ გვქონია, მაგრამ  ვიცი, რომ სხვა კლინიკებში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვთან დარჩა დედა, შემდგომ მას ორჯერ ჩაუტარეს ტესტი კორონავირუსზე, თუმცა ორჯერვე პასუხი უარყოფით დაბრუნდა“, – დასძენს ექიმი ინფექციონისტი.

ექიმი ამბობს, რომ ჯერ უცნობია, თუ რატომ მცირდება გადაცემის შანსი შვილიდან მშობელზე. მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს კვლევები, ამ დროისთვის კი ექიმებს მხოლოდ დაკვივრების შედეგად მიღებული მაჩვენებლები აქვთ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ დაარეგისტრირეს კორონავირუსით ინფიცირებული 19 ბავშვი, დღეს საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი რჩება, რომელთა შორის ყველაზე პატარა 9 თვისაა.

რევაზ მეჭურჭლიშვილი ამბობს, რომ ბავშვებთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, იშვიათი ხველით და არცერთ ბავშვს არ მიუღია დამატებითი, სპეციფიკური მკურნალობა. მათ მხოლოდ სიმპტომატურად მკურნალობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი