ახალი ამბები

ნავთობის ფასი 14$-მდე დაეცა, რაც 1999 წლის შემდეგ არ მომხდარა

20 აპრილი, 2020 • 1927
ნავთობის ფასი 14$-მდე დაეცა, რაც 1999 წლის შემდეგ არ მომხდარა

20 აპრილს, Covid-19-ის პანდემიისა და მსოფლიოს ქვეყნების ჩაკეტვის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 14 აშშ დოლარს ჩამოსცდა.

ბოლო 21 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი ფასია. Forbes-ის თანახმად, შესაძლოა, რომ უახლოეს პერიოდში ფასი $10-მდეც კი დაეცეს.

როგორც CNBC წერს, ნავთობზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, აშშ-ში ნავთობის რეზერვები იზრდება, რაც ფასის კლებას განაპირობებს. 2019 წელს ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი $64 იყო, 2018 წელს კი -$71.

წყარო: ბლუმბერგი/Nymex

2020 წლის მარტიდან, — პანდემიის გავრცელების პარალელურად, — რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, რომლებიც ნავთობის ბაზარზე მსხვილი მოთამაშეები არიან, „ნავთობის ფასების ომი“ მიმდინარეობს.

ნავთობის ფასები მას შემდეგ დაეცა, რაც რუსეთმა და ოპეკმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე.

რუსეთმა უარი განაცხადა, დაეკმაყოფილებინა ოპეკის მოთხოვნა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. ოპეკის ქვეყნებს სურდათ, ამგვარად დახმარებოდნენ სანავთობო ბაზარს, რომელსაც კორონავირუსის გამო ბოლო დროს პრობლემები შეექმნა.

ამასთან ერთად, საუდის არაბეთმა კიდევ ერთი ზომა მიიღო და განაცხადა, რომ აპრილში თავისი ნავთობის ფასს ბარელზე 6-8 აშშ დოლარს დააკლებს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზანი ბაზარზე თავისი წილის გაზრდა და რუსეთზე ზეწოლაა.

ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად გაუფასურდა რუსული რუბლიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი