ახალი ამბები

თურქეთი Covid-19-ის გავრცელებით აზიაში პირველია – ახალი მონაცემები

20 აპრილი, 2020 • 1135
თურქეთი Covid-19-ის გავრცელებით აზიაში პირველია – ახალი მონაცემები

თურქეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რიცხვმა 86 306-ს მიაღწია. განახლებული მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ “ტვიტერზე” 19 აპრილის საღამოს გამოაქვეყნა. ამგვარად, თურქეთი აზიაში პირველ პოზიციას იკავებს ინფიცირებულთა რაოდენობით.

მინისტრის მიერ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსის დადასტურებულ შემთხვევებს 3 977 ინფიცირებული დაემატა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 127-ით გაიზარდა და 2017-ს მიაღწია. 11 976-ს შეადგენს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ და კლინიკები დატოვეს, 1 922 პირი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში რჩება.  ტესტირება სულ ჩაუტარდა 634 277 პირს.

ამ შედეგებით, გასული კვირის ბოლოს თურქეთმა ვირუსის დადასტურებული შემთხვევებით გაასწრო ირანსა და ჩინეთს და გაზეთ”აჰვალის” ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე მოექცა აზიის სახელმწიფოთა შორის.

ქოჯამ კიდევ ერთხელ მოუწოდა თურქეთის მოქალაქეებს, ვირუსის გავრცელების წინაღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები დაიცვან. მეორე კვირაა, რაც ქვეყნის დიდ პროვინციებში კარანტინია დაწესებული. ათეულობით ქალაქს შორის აკრძალულია მგზავრობა.

პარალელურად, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სტამბოლისა და ანკარის ოპოზიციონერი მერების საქმეებს, რომლებმაც თავიანთ ქალაქებში ვირუსთან საბრძოლველად თანხის შეგროვება დაიწყეს. სამინისტრო ამბობს, რომ აღნიშნული კამპანია არალეგალურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი