ახალი ამბები

მღვდელი მრევლს ჟურნალისტის გაკოჭვისკენ მოუწოდებს

18 აპრილი, 2020 • 2461
მღვდელი მრევლს ჟურნალისტის გაკოჭვისკენ მოუწოდებს

ქუთაისის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ მრევლს ამბიონიდან “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერიძის გაკოჭვისკენ და პოლიციის გამოძახებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

“ესეთი თავხედობა ჩვენს ეკლესიაში არ დავუშვათ. პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ, შენ ვიდეოს შეაბრუნებ, დედაკაცები რომელიმე, პირდაპირ სამმა-ოთხმა დაურეკეთ პატრულს, რომ ეკლესიაში შემოვიდა ტელეგადამღებები და ასე თავხედობენ, გვიშლიან ხელს წირვაზე. ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ. პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ… ხელის დარტყმა არა, გაკოჭეთ. სამი-ოთხი კაცი კი არა, ათ კაცს გაკოჭავთ იმნაირი ტურები ხართ. ასე ეკუთვნოდა და ჩავაბაროთ პატრულს”, – ამბობს დეკანოზი ილია კარკაძე “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

როგორც ვაჩიბერიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, მას ეს ვიდეო მასალა მოგვიანებით მიაწოდეს. ვაჩიბერიძის თქმით დეკანოზის გაღიზიანება გამოიწვია 7 აპრილს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაკეთებულმა სიუჟეტმა, რომლის მომზადების დროსაც ჟურნალისტი სხვადასხვა ტაძარს სტუმრობდა სიტუაციის აღწერის მიზნით და იმის გასარკვევად თუ როგორ ყიდნენ ბზებს:

“ქუთაისის ტაძრებში გავაკეთეთ მონიტორინგი იმის შესახებ თუ რა მდგომარეობა იყო ტაძრებში, იყიდებოდა თუ არა ბზები და ასე შემდეგ. ჩვენ ბზებით მოვაჭრეებს ვუსვამდით კითხვას – რა ღირს თქვენთან ბზა, ფასი ვინ დაადგინა და ა.შ, მათ შორის იყო ეს ეკლესიაც. ჩართვის შემდეგ გამოვიდა სასულიერო პირი და მითხრა, რომ ეკლესია კერძო საკუთრება იყო და იქ შესვლის უფლება არ მქონდა. ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა მომდევნო დღეებში, როდესაც საკვირაო ქადაგება ჩატარდა, ქადაგებისას მრევლს პირდაპირ მოუწოდა, რომ როცა მე დამინახავენ გამკოჭონ”, – უთხრა ნეტგაზეთს ვაჩიბერიძემ.

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1055065111532816/UzpfSTEwMDAwODY5NTkwNjkzNDoyMzI5NjE1NTQwNjcxNjIw/

მასალების გადაბეჭდვის წესი