ახალი ამბები

ღმერთი მსხვერპლს არ ითხოვს – კახაბერ კურტანიძე

17 აპრილი, 2020 • 2182
ღმერთი მსხვერპლს არ ითხოვს – კახაბერ კურტანიძე

„ღმერთი მსხვერპლს არ ითხოვს“ – ამბობს თეოლოგი და ფილოსოფიის დოქტორი კახაბერ კურტანიძე ნეტგაზეთთან, როდესაც კორონავირუსის გავრცელებასა და სააღდგომო წირვის ჩატარების შესახებ საუბრობს.

კურტანიძე უკვე წლებია აშშ-ში მოღვაწეობს – როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირი, ატარებს წირვებს და  კითხულობს ლექციებს  რიჩარდ სტოქტონის უნივერსიტეტში.

ის ამბობს, რომ კორონავირუსის გამო  წირვებს ეკლესიაში, „როგორც ჯარისკაცი“, მრევლის გარეშე ატარებს, ხოლო ლოცვა-კურთხევა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.

კურტანიძე ამას ვირუსისგან თავის ასაცილებლად აკეთებს.  ქართულ ეკლესიას კი მასობრივი წირვების ჩატარებისთვის აკრიტიკებს.

კურტანიძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო საპატრიარქო და სხვა რელიგიური კონფესიები თავყრილობებზე უარს ამბობენ, საქართველოს საპატრიარქოს ქმედება მიუღებელია.

„აბსოლუტურად გაუმართლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუსლიმებს ვუკრძალავთ… და სხვა ეკლესიებმა კი თვითონ გადაწყვიტეს, რომ არ ჩატარებულიყო წირვები.. ეს ხომ ერთგვარი დისკრიმინაციაც არის მათი. 

ეს ქმედება არასოლიდარულია, არასოლიდურობას ვინ ჩივის, არატოლერანტულია.. არაძმურია.. რა მეგობრობაზეა საუბარი, როდესაც მსოფლიო ეკლესიებზე ამბობ, რომ ესენი ცუდები არიან და არასაკმარისი რწმენა აქვთ? ეს არის დიდი დარტყმა, რომელიც მიიყენეს საკუთარ თავებზე“, – გვეუბნება კურტანიძე.

მისი განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც  მრევლში „სასწაულს ელოდებიან და შეგულიანებულნი არიან“, პატრიარქს არ უნდა გაეკეთებინა იმგვარი განცხადებები, რომელიც მრევლს მასობრივი თავშეყრისკენ მოუწოდებდა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც პატრიარქი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და „მის ირგვლივ ერთგვარი მითია შექმნილი, რომ მასში არის ყველა მადლი გაერთიანებული – მიწიერიცა და ციურიც“.

„ის აზრი, რომ თითქოს ეკლესიაში არწასვლა ნიშნავს რწმენის უარყოფას – ეს არასწორია, ცხადია. სხვა ეკლესიებმა რომ გადაწყვიტეს არჩატარება მასობრივი წირვების, რა გამოდის, მათ რწმენას უღალატეს?

ღმერთი მსხვერპლს არ ითხოვს, მე ვარ ერთადერთი მსხვერპლი, იძახის იესო და მეტი აღარ გინდათ მსხვერპლი – ეუბნება ის ხალხს. არის ერთი ლოცვა, ბასილი დიდის, რომელსაც, მათ შორის, დიდ ხუთშაბათს კითხულობენ – იქ საუბარია შიმშილზე, ეპიდემიასა და მიწისძვრაზე.

წარმოიდგინეთ, წყალდიდობა რომ მოხდეს და ეკლესია წყალმა წაიღოს, ხალხი იქ უნდა დარჩეს და დაიხოცოს? ეს ეპიდემიაც სტიქიაა, ხალხს არ უნდა ვუთხრათ, რომ ისინი რწმენას უღალატებენ, თუ შიგნით დარჩებიან“, – ამბობს მღვდელი.

კურტანიძისთვის ასევე მიუღებელია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ საერთო კოვზით ზიარების საფრთხის დასადგენად დამატებითი კვლევაა საჭირო.

„როდესაც სახელმწიფოში კანონი ერთია და რეალობა სხვა, როდესაც ამავე სახელმწიფოში ყველაფერი ერთი ადამიანის ნებით ხდება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უკვე მოშლილია და ამ რთულ ჟამს ეს ყველაზე უკეთ ჩანს.

ჩვენ დავარღვიეთ ყველა პრინციპი, კონსტიტუციაში ერთი გვიწერია, რეალურად კი ხდება სხვა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავიდანაა ასაშენებელი“, – აცხადებს კურტანიძე.

კახაბერ კურტანიძე ასევე ამბობს, რომ თუ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, ხოლო ეკონომიკა უფრო მეტად დასუსტდება, ეს სწორედაც რომ რუსულ გეგმაში ჯდება:

„რუსეთს ეს რომ არ აწყობდეს, მგონია, ექნებოდა ჩვენს საპატრიარქოსთან კომუნიკაცია, მოუწოდებდა, რომ როგორც რუსეთში, საქართველოშიც არ ჩატარებულიყო ხალხმრავალი წირვა.. თუმცა ეს ასე არ ხდება, როგორც ვხედავთ“, – ამატებს მღვდელი.


საქართველოში, 17 აპრილის საღამოს მონაცემებით, კორონავირუსის 370 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელდა 79, ხოლო 3 გარდაიცვალა. 288 პირი აგრძელებს მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი