ახალი ამბები

გურჯაანის და ველისციხის ეპარქიამ მოძღვრებს ურჩია, ლიტურგია მრევლის გარეშე, ან დილას გამართონ

17 აპრილი, 2020 • 1828
გურჯაანის და ველისციხის ეპარქიამ მოძღვრებს ურჩია, ლიტურგია მრევლის გარეშე, ან დილას გამართონ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მოძღვრებს ეპისკოპოსმა ურჩია, სააღდგომო ლიტურგია ან მრევლის გარეშე გამართონ, ან წირვა დილას აღავლინონ.

აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მიტროპოლიტმა ექვთიმემ დაუდასტურა. მისი თქმით, ღამით, სააღდგომო ლიტურგიაზე თავად გეგმავს ტაძარში, მრევლის გარეშე ყოფნას.

მსგავსი განცხადება გააკეთა მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიამ. კერძოდ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, ფოთის ეპარქიაში ღამით სააღდგომო წირვა არ ჩატარდება, მაგრამ მრევლი ეკლესიებში დილით მისვლას მაინც შეძლებს.

იგივე გადაწყვეტილება მანამდე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მიიღო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება გაიმართება მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში, მრევლის გარეშე, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა დაიწყება აღდგომის დღეს, 19 აპრილს, დილის 7 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი