ახალი ამბები

ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან გამოიყოფა – სუბარი

17 აპრილი, 2020 • 1434
ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან გამოიყოფა – სუბარი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან გამოიყოფა. სოზარ სუბარის განცხადებით, ამის მიზეზი ბოლნისში  ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობაა, რომელმაც ამ დროისთვის 47 ადამიანს მიაღწია. 23 მარტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია, იქ შესვლა/გამოსვლა კი -აკრძალული.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი გამოყოფილი იქნება დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან. ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ უკვე მკვეთრად გაიზარდა უშუალოდ ქალაქ ბოლნისში დაინფიცირებულთა რიცხვმა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ დაინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი, რადგანაც მათ უხდებათ ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა. გაჩნდა საფრთხე, რომ ხომ არ არის მოსახლეობის ფართო ფენაზე გავრცელებული. ამიტომ ვიწყებთ ფართო სკრინინგს, ტესტირებას, რათა ვირუსის ყველა შესაძლო კერა ბოლომდე აღმოვფხვრათ”,-ამბობს სუბარი.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკარანტინო ზონა არის გამოყოფილი და ეს არის კაზრეთი და ბალიჭები. სუბარი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში საკარანტინო ზონების გამოყოფა ინფიცირებულთა რაოდენობის გამო არ მომხდარა და ცალკე ზონის შექმნა RMG -ს საქმიანობას უკავშირდება:

„კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გვაქვს გამოყოფილი, ოღონდ არა დაინფიცირების გამო, ეს არის კაზრეთი და ბალიჭები, ეს გამოვყავით იმიტომ, რომ იქ მუშაობს RMG, ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არის და ინფექციის გავრცელების საფრთხის გამორიცხვის მიზნით კაზრეთი და ბალიჭები გამოიყო ცალკე ზონად, რომ იქ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.”

დღეს, 17 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ბოლნისში მღვდელს, რომელიც ბოლნისის სიონის ტაძარში მსახურებდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, დიმიტრი მოდებაძემ. მერის წარმომადგენლისთვის უცნობია, როდის ჩაატარა ბოლოს მსახურება სასულიერო პირმა, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა. მოდებაძის ინფორმაციით, ამჟამად ბოლნისის სიონის ტაძარი მრევლისთვის დაკეტილია, სამონასტრო კომპლექსში კი სასულიერო პირები რჩებიან.

23 მარტს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა. მთავრობის გადაწყვეტილებით,  მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა, დაიხურა ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომია მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი