ახალი ამბები

მარნეულის “ჯეო ჰოსპიტლის” ექთანს COVID-19 დაუდასტურდა

17 აპრილი, 2020 • 1153
მარნეულის “ჯეო ჰოსპიტლის” ექთანს COVID-19 დაუდასტურდა

მარნეულის “ჯეო ჰოსპიტლის” ექთანს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ტატა შენგელიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, ექთანს შეხება ჰქონდა ინფიცირებულ პაციენტებთან, თუმცა, შესაბამისი წესების დაცვითა და ეკიპირებით. კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო საავადმყოფოში ზომები გამკაცრებულია და პერსონალი ერთმანეთისგან გამოყოფილ ზონებში მუშაობს. ტატა შენგელიას თქმით, ინფიცირებულ ექთანს კონტაქტი მხოლოდ 2 თანამშრომელთან ჰქონდა:

“ექთანს დაუდასტურდა, მუშაობდა ინფიცირებულ პაციენტებთან, მაგრამ ძალიან დაცული იყო. მისი კონტაქტი არის 2 ადამიანი იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მკაცრად გვაქვს ზონები შემოფარგლული. საბედნიეროდ, თავის ზონას არ გასცილებია. შესაბამისად, მასთნა ერთად ვინც მუშობდა, მხოლოდ იმ 2 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ორივე მათგანი უკვე თვითიზოლაციაში გავუშვით. მათ სიმპტომები არ აქვთ”, – ამბობს კლინიკის დირექტორი “ნეტგაზეთთან”.

“ჯეო ჰოსპიტლის” ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ექთანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსზე გეგმური ანალიზი 6 აპრილსაც ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ მაშინ დაავადების არსებობა არ დაუდასტურდა:

“გეგმური ანალიზიდან 5 დღეში გამოუვლინდა ტემპერატურა, მაგრამ შემდეგ კარგად იყო, თუმცა გუშინ კვლავ გამოუვლინდა და უკვე ავუღეთ ანალიზი”, – უთხრა ტატა შენგელიამ “ნეტგაზეთს”.

ინფორმაცია მარნეულში ექთნის დაინფიცირებაზე თავდაპირველად მარნეულის სათემო რადიომ გაავრცელა.

17 აპრილის 16 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევაა გამოვლენილი, 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი