ახალი ამბები

ტახტისძირის მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონო “ბორდერიზაცია” განახორციელეს – სუსი

17 აპრილი, 2020 • 1880
ტახტისძირის მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონო “ბორდერიზაცია” განახორციელეს – სუსი

მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

“მსგავსი უკანონო აქტივობები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას”, – აცხადებენ სუსში.

“მთავარი არხი” ავრცლებს ადგილობრივი მცხოვრებლების კომენტარებს, რომლებიც ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის 30-მდე წარმომადგენელმა უკვე დაამონტაჟა ძელები, სადაც, სავარაუდოდ, მავთულხლართებს მიამაგრებენ. ისინი ამბობენ, რომ იკარგება მათი სახნავ-სათესი მიწები, სადაც ლობიო, ხორბალი და სხვა პროდუქცია მოჰყავდათ. ადგილობრივების თქმით, საოკუპაციო ზოლში 3-დან  8-10 ჰექტრამდე ნაკვეთი მოჰყვება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა EUMM-საც, რომელიც ევროკავშირის ეგიდით რეგიონში მონიტორინგს ახორციელებს. EUMM-ში ჯერჯერობით მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ და გვითხრეს, რომ მომხდარის შესახებ მათთვისაც ცნობილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი