ახალი ამბები

რუსეთში 9 მაისის სამხედრო აღლუმი გადადეს

17 აპრილი, 2020 • 1949
რუსეთში 9 მაისის სამხედრო აღლუმი გადადეს

9 მაისისთვის დანიშნული სამხედრო აღლუმი, რომელიც რუსეთში 1995 წლიდან ყოველ წელს ტარდებოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღო, იუწყება რუსული სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“.

„ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკი, რომლის პიკი ჯერაც არ დამთავრებულა, ჯერ კიდევ უკიდურესად მაღალია. ეს არ მაძლევს უფლებას, ახლა აღლუმისთვის და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის დავიწყო მზადება“, — განაცხადა პუტინმა.

ამასთან ერთად, გადაიდება ყველა მასობრივი ღონისძიება, რომელიც ამ დროისთვის იყო ჩანიშნული — მათ შორის ე.წ. „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა.

რუსეთის ფედერაციაში 9 მაისს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.


16 აპრილისთვის რუსეთში, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ვირუსის 27 938 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 232, ხოლო გამოჯანმრთელდა 2304.

ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, დაწესდა მკაცრი საკარანტინე ზომები.

მოსკოვში დაიკეტა სასაფლაოები, ხოლო მოქალაქეებს ნებისმიერი მიზნისთვის სახლიდან გასვლისას ციფრული საშვის აღება სჭირდებათ.

გარდა ამისა, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოუწოდა მრევლს, აღდგომაზე ტაძრებში არ მივიდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი