ახალი ამბები

COVID 19-ით ინფიცირებულ დედას წესების დაცვით შეუძლია ბავშვის ძუძუთი კვება – NCDC

16 აპრილი, 2020 • 3344
COVID 19-ით ინფიცირებულ დედას წესების დაცვით  შეუძლია ბავშვის ძუძუთი კვება – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ დედას გარკვეული წესების დაცვით შეუძლია, ახალშობილი ძუძუთი კვებოს. ამ განცხადებას ცენტრი ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დარყდნობით.

ცენტრი ამბობს, რომ ქალის რძე შეიცავს მნიშვნელოვან ანტისხეულებს და ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც იცავს ახალშობილს სხვადასხვა რესპირაციული ინფექციებისგან.

დედის რძის მნიშვნელობაზე ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის უამრავი ფაქტი მეტყველებს. ასევე, დედის რძე მომავალში ხელს უწყობს ბავშვის დაცვას სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისა და ჭარბი წონისგან.

„დღეისათვის ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, არ არის გამოვლენილი ქალის რძეში. თუმცა, რადგან დაავადება ახალია, ეს მტკიცებულებები ემყარება შეზღუდულ კვლევებს. მკვლევრები კვლავ აგრძელებენ ინფორმაციის მოძიებას იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი და რა რისკებს უქმნის ჩვილებს, რომელთა დედები არიან ინფიცირებული.

ამ დროისთვის არსებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ იმ ქალების რძეში, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID ან/და სხვა კორონავირუსული ინფექცია, როგორიცაა, მაგალითად, მწვავე რესპირაციული სინდრომი SARs-CoV, ვირუსი არ არის.

“ჩინეთში, ვუჰანში ჩატარებულ კვლევაში ექვსი პაციენტის, რომლებიც ორსულობის დროს დაინფიცირდნენ COVID-19-ით, რძის ნიმუშის (აღებული პირველი ლაქტაციის დროს) ტესტირების შედეგი ახალ კორონავირუსზე უარყოფითი იყო“ ,- ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ შედეგების სანდომიანობაში დასარწმუნებლად უფრო ფართომასშტაბიანი კვლევაა აუცილებელი. ვირუსის გადაცემის ყველაზე დიდი რისკი ძირითადად მოდის დაინფიცირებული დედის ზედა სასუნთქი გზებიდან.

როგორც აქამდე მიღებული გამოცდილება აჩვენებს, დაავადება ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში მძიმედ არ მიმდინარეობს.

როგორ უნდა ვმართოთ რისკი?
ჯანმო-ს ამჟამინდელი რეკომენდაციით, COVID-19-ით ინფიცირებულ ქალებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ახალშობილების ძუძუთი კვება, მაგრამ მათ უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები, მათ შორის:
1. ბავშვის კვების დროს აუცილებელია პირის ღრუს და ცხვირის დაფარვა ნიღბით.
2. ხელების დაბანა საპნით და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ბავშვთან შეხებამდე/კონტაქტამდე და მის შემდეგ.
3. მუდმივად გაწმენდა და დეზინფექცია იმ ზედაპირების, რომელთანაც ჰქონდათ შეხება.
ჩვილის დედასთან მჭიდრო კონტაქტი და ძუძუთი ადრეული და ექსკლუზიური კვება ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ განვითარებას.

„იმ შემთხვევაში, თუ დედა COVID-19-ით ინფიცირებულია, მას თავისუფლად შეუძლია მჭიდრო კონტაქტი იქონიოს ჩვილთან, აიყვანოს ხელში, აჭამოს , ჰქონდეს სხეულებრივი კონტაქტი, იცხოვროს მასთან ერთად ერთ ოთახში.

ჯანმო დედებს ურჩევს, ჩვილები ძუძუთი გამოკვებონ პირველი 6 თვის განმავლობაში. ხოლო შემდგომ, ძუძუთი კვების პარალელურად, ბავშვებს მისცენ ჯანსაღი საკვები 2 წლამდე“.

ცენტრის რეკომენდაციით, თუ დედა  COVID-19-ით მძიმედაა დაავადებული და უჭირს ძუძუთი კვება, უნდა გამოინახოს სხვა გზა. ჩვილს უნდა მიეწოდოს ხელოვნური საკვები ან დონორის რძე.


საქართველოში, 16 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი 336 შემთხვევაში დადასტურდა – ბოლო 24 საათში,მაჩვენებელი 30-ით გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 75, ხოლო გარდაიცვალა 3.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში აქტიური 259 პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა რომელიმე კლინიკაში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი