,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დიდი ხანია ვაანონსებ ქვეყანაში ტერორს და დიქტატურას. რაც, პირველ რიგში, დაახშობს სიტყვის თავისუფლებას და მოკლავს მართლმსაჯულებას. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იარსებებს დამოუკიდებელი მედიის გარეშე. ჟურნალისტებს მოვუწოდებ გაერთიანებისკენ, რათა არ დაუშვათ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოხატვის აკრძალვა. თუ არ გაერთიანდებით, ხვალ თქვენს გადაცემას დახურავენ“, – წერს დღეს გავრცელებულ განცხადებაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
ხატიაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც იხურება მსგავსი გადაცემები და ტელეკომპანიები, დიქტატურის დამყარების დაწყების მანიშნებელია, რადგან ამგვარი ქმედებები არის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელ მედიაზე პირდაპირი ზეწოლა.
“ცოტა ხნის წინ კერძო ტელეკომპანია ,,იმედი“, რომელიც ახლო წარსულში პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო, მთავრობის ვიოლინოზე აცეკვებული ვიხილეთ. დღეს დახურეს ,,რუსთავი 2. ამით ხელისუფლება გაემიჯნა თავისუფალ სიტყვას, პროფესიონალიზმს, ევროპულ სტანდარტებს და თანხმობა უთხრა დიქტატურას, სიბნელეს, ძალადობას და აგრესიას. რას უნდა ნიშნავდეს ეს? თუარა ზეწოლას მოქალაქეებზე და დიდ ტერორს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ,,ზემოთ“ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ხდება ზეწოლა მედიაზე. დამოუკიდებელი მედია არის ქვეყნის თავისუფლების ლაკმუსი. მე არაერთხელ მივმართე და გავაფრთხილე ხელისუფლება, რომ თუ ისინი შეეცდებოდნენ ხელი შეეშალათ ჟურნალისტებისთვის, თავისუფლად განახორციელონ თავიანთი პროფესიული მოვალეობები და სამოქალაქო საზოგადოებას გადაუკეტავდნენ მიუკერძოებელი და თავისუფალი ინფორმაციის მიღების გზებს, ამის შესახებ გაიგებდა მთელი ცივილიზებული სამყარო”, – ამბობს ხატიაშვილი.
ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება შეაშინა ,,რუსთავი 2“- ის მიერ გამართულმა კონცერტებმა, რომელსაც იმაზე მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კონცერტებს, რომელიც მიმართული იყო ,,რუსთავი 2“-ის კონცერტების ჩასაშლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილები დააყადაღა, რომელიც თავის მხრივ ფლობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იან წილს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მოთხოვნით უკვე აქამდეც დაყადაღებული იყო რუსთავი 2-ის წილები და ქონება.
ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ხალვაშის ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარადა შეიძინა, თუმცა 2006 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის ჩარევით, მას ტელეკომპანია წაართვეს.