ახალი ამბები

ფოთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის წირვა არ ჩატარდება, მრევლი დილით მივა

16 აპრილი, 2020 •
ფოთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის წირვა არ ჩატარდება, მრევლი დილით მივა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, ფოთის ეპარქიაში ღამით სააღდგომო წირვა არ ჩატარდება, მაგრამ მრევლი ეკლესიებში დილით მისვლას მაინც შეძლებს. იგივე გადაწყვეტილება მანამდე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მიიღო.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მეუფე გრიგოლის მდივანს, რომელმაც ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა. ფოთის ეპარქიაში ამბობენ, რომ ეპარქიის ტაძრებში წირვა დილით, 7 საათზე ჩატარდება, ღამისთევით – არა.

ჟურნალისტებთან საუბარში მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ პაატა იმნაძის გუშინდელმა გამოსვლამ 9 აპრილი გაახსენა. იმნაძემ 15 აპრილს თქვა”: “მე მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ ვთქვათ უარი ერთხელ ამ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს“.

„პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანეფორმიანი ადამიანებისა, რომლებიც ნიჩბებითა და ხელკეტებით იყვნენ მომართულნი და ამ დროს, მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია. შესაძლოა სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხესო – ამას რა მოჰყვა, ჩვენ ვიცით.

დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ პაატა იმნაძისგან. საფრთხე რეალურია“, – ამბობს მეუფე გრიგოლი.

მისივე თქმით, არაერთი ქვეყნის ცოცხალი მაგალითი არსებობს, როდესაც ვირუსის გავრცელებამ უამრავი ადამიანი იმსხვერპლა.

„თან ეს არის, პირდაპირ გეტყვით, სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა [პაატა იმნაძის], რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე, ამის გამგონი, ადრესატი არის თითოეული მოქალაქე და ადამიანი. თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზეა პასუხისმგებელი, მათ შორის,ეკლესიაც“, – ამბობს სასულიერო პირი.

16 აპრილის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 76 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა დილის 7 საათზე დაიწყება – ბათუმის და ლაზეთის ეპარქია

მასალების გადაბეჭდვის წესი