ახალი ამბებიკომენტარი

ჩვენი შეთანხმების კრიზისი

15 აპრილი, 2020 • 4043
ჩვენი შეთანხმების კრიზისი

ავტორი: ლევან ცუცქირიძე


აშკარაა, რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია – არ შეასრულოს საგანგებო მდგომარეობის კანონით სავალდებულო პირობები – საფრთხეს უქმნის, როგორც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ისე სახელმწიფო ინტერესებს. ის გადაიქცა საქართველოს თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე არსებულ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ, ნომერ პირველ სერიოზულ მოწინააღმდეგედ საქართველოში კანონის უზენაესობის და კანონის წინაშე თანასწორობის რეალურად არსებობისა.

სამწუხაროდ, დღევანდელი სახელმწიფო უძლურია, რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამის წინააღმდეგ. მას ან არ შესწევს უნარი ასეთ მავნელობას შეეწინააღმდეგოს (რაც უფრო რეალისტური მგონია), ან ფიქრობს, რომ თუკი ვირუსი კონტროლს გაექცევა, ის წარმატებით შეძლებს პასუხისმგებლობის საპატრიარქოზე გადატანას და ორ კურდღლის დაჭერას: თავიდან აირიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არჩევნების წინ და ამასთან, უკიდურესად დაასუსტებს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და ეკონომიკურ რესურსებზე კონტროლის მის მთავარ მეტოქეს – საქართველოს საპატრიარქოს. ასეთი მოლოდინი, ჩემი აზრით, უსაფუძვლო, უკიდურესად უპასუხისმგებლო და პოლიტიკურად სახიფათოც იქნებოდა. ჯერ ერთი, რომ საქმე ადამიანების დიდი რაოდენობის სიცოცხლეს ეხება. ამასთანავე, მისგან დაცული ვერავინ იქნება, მართლა ბუნკერში თუ არ ჩაიმალა დიდი ხნით. და რაც მთავარია, უპირველესი პასუხისმგებლობა კანონის აღსრულებაზე მთავრობას ეკუთვნის და არავის სხვას. მიზეზები კი, თუ რატომ ვერ ეწინააღმდეგება ხელისუფლება საპატრიარქოს, იმაში უნდა ვეძიოთ, რომ მან ვერ მოახერხა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირებების შესრულება და ბოლო დროის განმავლობაში სწრაფად კარგავდა დემოკრატიულ ლეგიტიმაციასა და მხარდაჭერას საზოგადოების მრავალ მნიშვნელოვან ჯგუფში. მაშინ, როდესაც არასამთავრობოები ანტისახელმწიფოებრივ ძალებად, ჟურნალისტები ხალხის მტრებად, მშვიდობიანი დემონსტრანტები შეთქმულებად, ოპოზიციური პოლიტიკოსები კი დამნაშავეებად გამოცხადდნენ, საპატრიარქო და მის უკან დარაზმული რადიკალი ჯგუფები ერთ-ერთ უკანასკნელ, მაგრამ საიმედო მაშველ რგოლად მოჩანდა. პრობლემა ისაა, რომ ამ მაშველმა რგოლმა ახლა შესაძლოა თავად ჩაძიროს მთავრობა და მასთან ერთად ჩვენც თან წაგვიყოლოს.

დღევანდელ ვითარებაში, შორს აღარ არის ის დრო, როდესაც სხვა ჯგუფებიც გამოაცხადებენ მორალურ უფლებას, საპატრიარქოს მსგავსად, არ შეასრულონ სახელმწიფოს კანონები. მაგრამ მათი მხოლოდ უხეში ძალით გაჩერება კი უკვე შეუძლებელი გახდება სახელმწიფოს ისედაც მორყეული საფუძვლების ჩამოშლის გარეშე. რატომ? იმიტომ, რომ საპატრიარქოს დღევანდელი საქციელით და მთავრობის უმოქმედობით ძირი ეცლება ჩვენს მთავარ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თვითონვე უნდა დავემორჩილოთ ჩვენს კონსტიტუციასა და იმ კანონებს, რომელთაც ჩვენივე არჩეული პოლიტიკოსები ავად თუ კარგად, მაგრამ მაინც იღებენ. თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი, საპატრიარქოს ლიდერობით, ამ დემოკრატიული კონსენსუსიდან გადის, ხოლო ხელისუფლება ამის აღკვეთას ვერ ან არ ახერხებს, მაშინ საერთო ეროვნული ქსოვილიც, ჩვენი საერთო თანხმობა, დიდწილად დარღვეულია და მერე უკვე ძალიან ადვილად გადავიქცევით უბრალო, გაუგებარ სახელად მსოფლიო რუკაზე.

ამიტომ, ახლა ნამდვილი პრინციპულობის და პოლიტიკური გამბედაობის დროა და არა ტელეკამერებთან ფსევდოპრინციპული, გროტესკული ბრიფინგების გამართვისა იმიჯის შესანარჩუნებად. მიუხედავად ყველაფრისა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს სახელმწიფოს მხარდამჭერი მგონია იმის განურჩევლად, თუ რომელი პარტიაა ამ მომენტისთვის ქვეყნის სათავეში. უკვე ყველა ხვდება იმას, რომ საფრთხე რეალურია და ჩვენს უშუალო ჯანმრთელობასთან ერთად, საფრთხე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალსაც ექმნება. დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტ ნაბიჯებში დღეს მთავრობას, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის, ისე ოპოზიციური და სამოქალაქო საზოგადოების, დიდი მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ ასეთი ნაბიჯები არც დღეს ჩანს და დიდი ალბათობით, ვერც ხვალ ვიხილავთ.

არჩევნები ახლოვდება (ჯერ კიდევ იმედია, რომ მაინც ჩატარდება) და ჩემი ხმა იმ პარტიასთან (არ გამოვრიცხავ, ასეთი არც გამოჩნდეს) ან ცალკეულ კანდიდატთან წავა (ასეთებს უფრო ველი), რომელსაც ეყოფა პრინციპულობა და გამბედაობა, თქვას და შეასრულოს ის, რომ შესაბამისი ადგილი მიუჩინოს ამ ინსტიტუტს საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ადგილი მისთვის, როგორც ორგანიზაციისათვის, სწორედ იქაა, სადაც ყველა სხვა საქართველოში მოქმედი კონფესია მოქმედებს: კანონის ფარგლებში, ყოველგვარი ზედმეტი და უსამართლო პრივილეგიების გარეშე. საპატრიარქოში კეთილი ინებონ და ადამიანთა გულისყური სიყვარულით და სიბრძნით მიიპყრონ, ნაცვლად შიშის თესვის, ამპარტავნებისა და სიბნელის ქადაგებისა. ხოლო რაც შეეხება იმათ, ვინც კანონს არ ასრულებს, მათი ამქვეყნიური ბედი მაინც საკმაოდ ნათლად არის გაწერილი ჩვენს კანონმდებლობაში და ახლის მოგონება საჭირო არ იქნება.

სხვა მხრივ, ლამაზი წინასაარჩევნო ზღაპრები იმის შესახებ, თუ როგორ აყვავდება ჩვენი ქვეყანა, როგორ გაიზრდება პენსიები, როგორ ჩამოიყრება მილიონები სოფლებში, როგორ აგუგუნდება ქარხნები, როგორ გაჩნდება უფასო ფული და როგორ უცებ, ერთ ღამეში აორთქლდება სიღარიბე, აქამდეც ბევრი მოგვისმენია და კიდევ ბევრს მოვისმენთ. ოღონდ ჯერ მთავარია, იქამდე მაინც ჯანმრთელად მივიდეთ.


მასალების გადაბეჭდვის წესი