ახალი ამბები

კანონპროექტის განხილვა, საპატრიარქოსთვის ტყის მასივის გადაცემის შესაძლებლობაზე, გადაიდო

15 აპრილი, 2020 • 1623
კანონპროექტის განხილვა, საპატრიარქოსთვის ტყის მასივის გადაცემის შესაძლებლობაზე, გადაიდო

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში გადაიდო კანონპროექტის განხილვა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების გარშემო 20 ჰა ტყის მასივის საკუთრებაში ფლობის შესაძლებლობას აძლევდა.

საუბარია “ტყის კოდექსსა” და მასთან დაკავშირებულ საკნანომდებლო ცვლილებებზე. კანონპროექტის განხილვის გადადების შესახებ ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, საგანგებო სესიაზე გამოდის მხოლოდ ის საკითხები, რომელთა განხილვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საჭიროა მათი დაუყონებლივ მიღება, შესაბამისად, კომიტეტი აღარ განიხილავს ტყის კოდექსს.

წილოსანი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განხილვა ჩატარდება პარლამენტის ჩვეული რეჟიმით მუშაობის დაწყებისთანავე:

“მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კოდექსი სატყეო რეფორმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მის შემუშავებაში მონაწილეობდა GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები. ასევე, ამ კოდექსის მიღებასთან არის დაკავშირებული ტყის რეფორმის განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული 30-მდე მილიონი ევრო”, – ამბობს წილოსანი.

მისი თქმით, რაც შეეხება ტყის ფართოებების ეკლესიებისთვის გადაცემას, ეს სიმართლე არაა და არასწორი ინტერპრეტაციის საგანი გახდა:

“რეალურად, ახალი კოდექსი ავალდებულებს ყველას – მუნიციპალიტეტებს, სააგენტოებს, ეკლესიასა თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტს, რომელიც ფართობს უკვე ფლობს, რომ დააკმაყოფილოს ახალი კოდექსით გათვალისწინებული ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა შემუშავებაში, თავის მხრივ, ჩართული იყო ყველა მხარე, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პარტნიორები, სატყეო სექტორის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სპეციალისტები” ,- ამბობს წილოსანი.

ის, რომ აღნიშნული ტყის ფართობებს საპატრიარქო ადრეც განკარგავდა, კანონპროექტის ავტორებიც ადასტურებენ. ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” კანონპროექტის განხილვის ადრეულ სტადიაზე გარემოს დაცვის სამინისტროს ესაუბრა.

სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობდა, დოკუმენტში რამდენიმე საკითხი გასწორდა. მათ შორის, მიჩენის წესით გადაცემული ტყის მართვაში გადაცემის ნაცვლად, საპატრიარქოს ახლა გარკვეული მოცულობის ტყის მასივის საკუთრებაში მიღება შეუძლია:

“ვინაიდან მოქმედ ტყის კოდექსში იყო საქართველოს ეკლესია ჩაწერილი, რომელსაც ე.წ. მიჩენის წესით, უკვე გადაცემული აქვს 1 600 ჰექტარზე მეტი ტყე მართვაში, შესაბამისად, აქ ახალი არაფერი ჩაწერილა. აქ გასწორდა ის, რომ არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რაც ქონების კანონშია დაკონკრეტებული ცვლილება, რომელიც გაჰყვა ტყის კოდექსს, ვინაიდან ანტიკონსტიტუციურად იცნო უსასყიდლოდ გადაცემა, ჩვენს ჩანაწერში წერია, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სასყიდლიანად გადასცეს.

თუმცა იმისათვის, რომ სახელმწიფომ ეკლესიას არ გადასცეს უტოპიური და შეუფასებელი ტერიტორიები, განისაზღვრა კონკრეტული გადასაცემი ფართობების მოცულობა. ტყის კოდექსის მე-15 მუხლში წერია, რომ ეკლესიას შეუძლია ჰქონდეს ტყის ფართობი, “ვინაიდან ეს აქამდეც ეწერა მოქმედ კოდექსში. მაგრამ ქონების კანონში ცვლილება, რაც დამტკიცდა გუშინ, წერია, რომ ეკლესიას უფლება ექნება, მთავრობის გადაწყვეტილებით ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში გადაეცეს ტყე, არაუმეტე 20 ჰექტრისა”, – ამბობდა ამირგულაშვილი.

აღნიშნულ ცვლილებას აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მიაჩნდათ, რომ ცვლილებები დომინანტურ რელიგიურ ჯგუფს დამატებით პრივილეგიებს ანიჭებდა.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი