ახალი ამბებირეკლამა

Wizz Air-ს 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ნაღდი ფულის ბალანსი აქვს

15 აპრილი, 2020 • 1252
Wizz Air-ს 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ნაღდი ფულის ბალანსი აქვს

ჟენევა, 2020 წლის 14 აპრილი: – Wizz Air ჰოლდინგმა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა, წარადგინა 2020 წლის ანგარიში 31 მარტის მდგომარეობით (F20). Wizz Air აცხადებს, რომ ამ პერიოდისთვის ელოდნენ დაახლოებით 350-355 მილიონი ევროს მოგებას.

თუმცა, წინა წლის მარტთან შედარებით Wizz Air-ის ტრაფიკი 34%-ით შემცირდა. კომპანია Covid 19-ის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ოპერაციების მხოლოდ 3% ახორციელებს. 

ფინანსური ანგარიშგების წარმოების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, პანდემიის პირობების შედეგად, კომპანიის მოსალოდნელი კვარტალური დანაკარგი მარტი-მაისის თვეებში 70-80 მილიონი ევროა.

Wizz Air აღნიშნავს, რომ აქვს 1.5 მილიარდის ოდენობის ნაღდი ფულის ბალანსი, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ავიახაზების ინდუსტრიაში.

პანდემიის გამოცხადების შემდგომ Wizz Air-მა იმუშავა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, რათა დაებრუნებინა მათი მოქალაქეები თავიანთ ქვეყნებში.

კომპანიამ ასევე შეასრულა რეისები ჩინეთის მიმართულებით, რათა მოემარაგებინა უნგრეთი აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით. ამ რეისების მსხვილი დამკვეთი თავად უნგრეთის მთავრობა იყო.

მოკლევადიან პერიოდში Wizz Air აგრძელებს ბაზრის საჭიროებებზე მორგებას. მსოფლიოში არსებული მდგომარეობის დარეგულირების შემდეგ კომპანია მოელის ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდას 15%-ით.

ასევე Wizz Air-ის განცხადებით, პროექტი Wizz Air Abu Dhabi პროგრესირებს პირველადი ვადების შესაბამისად.

კომპანია გეგმავს 2023 წლისთვის გამოითხოვოს ძველი გამოშვების თვითმფრინავები, რომელსაც უკვე გაუვიდა საიჯარო კონტრაქტის ვადები და ოპერირება სრულიად განახლებული საჰაერო ფლოტით გააგრძელოს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Wizz Air მოუწევს გადადგას რთული ნაბიჯი და დასაქმებულთა რაოდენობა 19%-ით შეამციროს. შემცირებაში მოხვედრილი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაოს, როცა კომპანია მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. 

აღსანიშნავია, რომ  პანდემიის გამო დირექტორთა საბჭოს და სხვა მაღალი რანგის თანამშრომლების ხელფასები შემცირდება 22%-ით, პილოტების, სალონის ეკიპაჟისა და ოფისის თანამშრომლების კი მხოლოდ 14%-ით.

მასალების გადაბეჭდვის წესი