საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსს ისე უნდა ებრძოლოს, რომ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა დაიცვას და, ამავდროულად, არ დაზარალდეს არც სახელმწიფო ინსტიტუტები, ეკონომიკა და არც ეკლესია.
გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს, რადგანაც ეს, მისი თქმით, საქართველოს ისტორიული გამოწვევაა:
“მე შემიძლია გითხრათ, სახელმწიფოს პოზიციაა, რომ კანონი არ და ვერ დაირღვეა და კანონის წინაშე ყველა ვართ ერთნი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს. ისევე, როგორც სახლემწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს ასევე ესმის, რომ ჩვენ ამ ბრძოლიდან ისე უნდა გამოვიდეთ, არ დავანგრიოთ არც სახელმწფო, არც ეკლესია, არც ეკნომიკა და გავუფრთხილდეთ მოქალაქეების ჯანმრთელობას” ,- ამბობს გახარია.
მისი თქმით, ბევრი ადამიანი ამ რთული გამოწვევით სპეკულირებას ცდილობს. გახარია ამბობს, რომ ეკლესიას, ისევე, როგორც ხელისუფლებას, მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა სრულად აქვს გაზიარებული:
“ბევრი ცდილობს, ამ სირთულეზე სპეკულირება მოახდინოს. მინდა დაგარწმუნოთ, სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე, სახელმწიფო ინტიტუტების მნიშვნელობის და კანონის დარღვევის, ასევე, ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში” ,- ამბობს გახარია.
პრემიერ-მინიტრის თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა “ოქროს ბალანსის პოვნაა”, რაზეც სახელმწიფო ეკლესიასთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს:
“გამოწვევა გახლავთ, ვიპოვოთ ის ოქროს ბალანსი, რომელზეც ახლა ერთობლივად ვმუშაობთ ყოველდღიურად. იდეალური არაფერი არ არის. გარდა იმ სამწუხარო კადრებისა [ხალხმრავლობაზე ბზობაზე], ხშირ შემთხვევაში გაუკრვეველი, ყველანაირ ზღვარს მიღმა კადრები რაც ვიხილეთ, გარდა ამისა, მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ მიდის მღვდელმსახურება დისტანციის დაცვით. ესეც სამაგალითო გახდა.
პირველ რიგში, არის ადამიანის ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი. და ყველაფერი უდნა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და, დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ეკლესიასთან ერთად”, – ამბობს პრემიერი.
გახარიამ ბზობის დღესასწაულზე მასობრივ თავშეყრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონის დარღვევისთვის რამდენიმე ადამიანი დაჯარიმდა, თუმცა მისი მხრიდან არასერიოზული იქნება იმის თქმა, რომ ჯარიმა ყველას დაუწესდა, ვინც სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა დაარღვია.
თბილისში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარს COVID-19 დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მღვდელმა, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, რამდნეიმე დღის წინ სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმსახურა.
COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარდეს კიდევ ერთ სასულიერო პირს, რომელსაც პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა ვირუსი დაუდგინდა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რომლის დროსაც სამზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა აკრძალულია (გარდა მცირე გამონაკლისებისა, რომელთა შორის, კანონის მიხედვით, ეკლესია არაა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მსახურება არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეუცვლია, მრევლი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება.
პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს მიეცა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა. დიდ ტაძრებში კი, შეზღუდული რაოდენობით დაესწრონ მსახურებას. ასევე, მოუწოდეს სასულიერო პირებს, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.