ახალი ამბები

მღვდელმა, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა, ხარების მეორე დღესაც იმსახურა ტაძარში

14 აპრილი, 2020 • 1564
მღვდელმა, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა, ხარების მეორე დღესაც იმსახურა ტაძარში

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მღვდელმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ხარების დღესასწაულზე და შემდგომ დღესაც მრევლთან იმსახურა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს, 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ამბობს, რომ ხარების მსახურების შემდეგ სასულიერო პირმა თავი ცუდად იგრძნო და მიმართა ექიმებს, თუმცა მეორე დღეს ეკლესიაში მაინც მივიდა.

„ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში, როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთანაა დაკავშირებული, რასაც ვხედავთ ბოლო დროს, ტაძრებში როგორ ხდება ამ წესების დაცვა. და მსახურების მერე, საღამოს იგრძნო თავი შეუძლოდ. ამის შემდეგ მიმართა ექიმებს და აჩვენა ანალიზმა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი.

მეორე დღეს მას ჰქონია მსახურება, თუმცა ტაძარში არავინ იყო, ფაქტობრივად. იმის გამო, რომ ბევრი გავაფრთხილეთ, რომ ვინც რისკჯგუფშია, ვისაც სახლში ჰყავს ასეთი ადამიანი, ვინც რისკჯგუფშია, რომ მათ თავი შეიკავონ ეკლესიაში სიარულისგან და ამის გამო, მეორე დღეს, ფაქტობრივად, არავინ იყო.

ამას სპეციალისტები დაადგენენ, დაწვრილებით ამ კვალის შესახებ ვერაფერს გეტვყით, დანარჩენი მოძღვრები არიან თვითიზოლაციაში“, – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. პაციენტი გუშინ, 13 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკაში ოჯახის წევრებთან ერთად მოათავსეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

“დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი. სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. ოჯახის სულ სამი წევრია მოთავსებული მაგრამ რომელს რომლისგან გადაედო, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის საფუძვლიანი”, – განმარტა სოლოღაშვილმა.

ამასთანავე, Covid 19 დაუდასტურდა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელსაც.

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი