ახალი ამბები

ბზობას დაირღვა კანონი, ხელისუფლებას ექნება რეაგირება – კობახიძე

13 აპრილი, 2020 •
ბზობას დაირღვა კანონი, ხელისუფლებას ექნება რეაგირება – კობახიძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2-თან” ინტრერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ბზობის დღესასწაულის აღნიშვნისას რამდენიმე ადგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმით დადგენილი წესები და ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, ხომ არ ხუჭავს თვალს ხელისუფლება მოქალაქეთა ნაწილის კანონდარღვევაზე იმის ფონზე, რომ ბზობის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და წინ კიდევ უფრო დიდი დღესასწაული, აღდგომაა.

აღნიშნულ კითხვაზე კობახიძე პასუხობს, რომ არაერთ ადგილას კანონდარღვევა მართლაც იყო და ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება მომავალ დღესასწაულებს, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს:

“ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. ჩვენ ვიხილეთ გუშინ [ბზობას], როცა არაერთ დაგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმით დადგემილი შეზღუდვები, რაც არის მიუღებელი და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება მომდევნო დღეების განმავლობაში პროცესების წარმართვას, ამ საკითხზე გვექნება კონსულტაციები. ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი ვალდებულებაა მოვუსმინოთ ყველას და ამ მოსმენის შემდეგ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ქვეყანას და ვითარებას ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობ კობახიძე.

ჟურნალისტმა კობახიძეს შეახსენა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალმა სასულიერო იერარქებმა უკვე გააკეთეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სააღდგომო ლიტურგია აღდგომის ღამეს 22:00 საათზე დაიწყება, იმ დროს, როცა კომენდანტის საათი 21:00 საათიდან მოქმედებს და მოსახლეობას გადაადგილება აკრძალული აქვს. შესაბამისად, ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სასულიერო პირებს მთავრობა გადაარწმუნებს.

აღნიშნულის საპასუხოდ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და მიმდინარეობს კონსულტაციები:

“როდესაც ვსაუბრობთ შემდგომ დღეებზე, არა მხოლოდ შაბათის ღამესა და კვირადღეზეა საუბარი, არამედ, წინა დღეებზეც. მოგეხსენებათ, აქაც იმართება არაერთი რიტუალი. თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ ისეთ გადაწყვეტაზე, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება საერთო ინტერესებს. საერთო ინტერესი არის ის, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია”, – ამბობს კობახიძე.

“რუსთავი 2-ის” ეთერში ჟურნალისტმა ასევე სთხოვა ირაკლი კობახიძეს, დაეზუსტებინა, თუ რას გულისხმობდა რეაგირებაში და დააჯარიმებენ თუ არა მოქალაქეებს:

“სადაც იქნება საგანგებო რეჟიმის დარღვევა, იქ რეაგირება იქნება და რეაგირების ზომაც გაწერილია შესაბამის სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, პირველი სანქცია, რომელიც არის გაწერილი, არის ჯარიმა. სახელმწიფოს სამართლებრივი ფაქტებიდან გამომდინარე ექნება თავისი რეაქცია”, – უპასუხა ამ კითხვას კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი