ახალი ამბები

პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით რუსეთი ნებისმიერ ეპიდემიას დაამარცხებს — ომსკის მერია

10 აპრილი, 2020 • 682
პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით რუსეთი ნებისმიერ ეპიდემიას დაამარცხებს — ომსკის მერია

რუსეთის ქალაქის, ომსკის მერიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მათი განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერით კორონავირუსის მსგავსი პანდემიების დამარცხება იქნება შესაძლებელი.

მერიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიას რუსეთი ამჯერად დაამარცხებს, მაგრამ „ვინ იცის, კიდევ რა ვირუსები შეიძლება მოვიდეს ჩვენთან ჩინეთიდან, ინდოეთიდან ან ევროპიდან?“.

ვიდეოში ამბობენ,:„ჩვენმა ექიმებმა თავი ნებისმიერ დაავადებას უნდა გაართვან. ამისთვის მათ სჭირდებათ ახალი საავადმყოფოები, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა და სამეცნიერო კვლევები. ჩვენ ამ ყველაფერს მათ მივცემთ. რუსეთის მოსახლეობის ხმის მიცემაზე გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა ამ შესწორებას მხარი. მაშინ, არანაირი ვირუსი ჩვენთვის საშიში არ იქნება“.

ვლადიმერ პუტინის მიერ ინიციირებული ცვლილებების თანახმად, მისი საპრეზიდენტო ვადები განულდება (ამგვარად, მას რიგით მეხუთე და მეექვსე ვადებზე შეეძლება პრეზიდენტად დარჩენა, 2036 წლამდე), კონსტიტუციაში ნახსენები იქნება ღმერთი, ქორწინება განისაზღვრება მამაკაცისა და ქალის კავშირად, ხოლო 72-ე თავში ჩაიწერება „ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნება და გამყარება“, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმება ამ შესწორებაში, ცნობილი არაა.

საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიიღო რუსეთის ფედერალურმა მთავრობამ, მას მხარი დაუჭირეს რეგიონალურმა მთავრობებმაც. ხმის მიცემა, რომელიც 22 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით გადაიდო.


რუსეთში ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების 11 917 შემთხვევაა, გარდაიცვალა 94, გამოჯანმრთელდა 795.

მასალების გადაბეჭდვის წესი