ახალი ამბები

გველის ყველაზე მძიმე ეკონომიკური შედეგები დიდი დეპრესიის შემდეგ — IMF-ის დირექტორი

10 აპრილი, 2020 • 833
გველის ყველაზე მძიმე ეკონომიკური შედეგები დიდი დეპრესიის შემდეგ — IMF-ის დირექტორი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, მსოფლიოს დიდი დეპრესიის (1929-33) შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი ელის. ამის შესახებ მან თავის მიმართვაში ისაუბრა.

„უკვე ცხადია, რომ [ეკონომიკის] გლობალური ზრდა 2020 წელს მკვეთრად ნეგატიური იქნება, რასაც იხილავთ შემდეგ კვირას ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალ Wolrd Economic Outlook-ში. რეალურად, გველის ყველაზე მძიმე ეკონომიკური შედეგები დიდი დეპრესიის შემდეგ“, — აცხადებს გეორგიევა.

ამავე დროს, გეორგიევამ მიმართვაში განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყნებისთვის სესხის სახის გამოსაყოფად IMF-ს 1 ტრილიონი დოლარის რესურსი აქვს, ხოლო სესხის გამოყოფის თხოვნებს ფონდი რეკორდული სისწრაფით აკმაყოფილებს და მას მალე ბევრი ქვეყანა მიიღებს.


კორონავირუსის გამო გამო არაერთ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა დიდწილად შეჩერდა, რის გამოც ბევრი ადამიანი სამსახურის და, შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩა.

ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლებამ უკვე მიიღო ეკონომიკის სტიმულირების გეგმები — მაგალითად, აშშ-ის მთავრობამ კომპანიებისა და დაზარალებული ცალკეული პირების დასახმარებლად 2 ტრილიონი დოლარი გამოყო, ფედერალურმა რეზერვმა (აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა) კი, ჯამში, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის თითქმის 4 ტრილიონი დოლარი დახარჯა.

გაერთიანებულ სამეფოში, დაზარალებული კომპანიების გარდა, მთავრობა აგრეთვე ხელფასების 80%-ს გადაუხდის მათ, ვინც სამსახური დაკარგა (2500 ფუნტ-სტერლინგამდე თვეში).

გარეკანის ფოტოზე: კრესტალინა გეორგიევა. ფოტო: EPA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი