ახალი ამბები

მთავრობამ კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია გადასცა

23 სექტემბერი, 2015 • 4805
მთავრობამ კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია გადასცა

საქართველოს მთავრობის 21 სექტემბრის განკარგულებით, საპატრიარქოს ქობულეთში, აბაშიძის #128-ში მდებარე მიწის ორი ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები გადაეცა.

საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბობოყვათის რეზიდენცია – არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთი ნაკვეთი, რომლის ფართობია 149 796 კვადრატული მეტრი, მასზე არსებული 18 ნაგებობითა და მოძრავი ქონებით.

საპატრიარქოს ასევე გადაეცა რეზიდენციის მიმდებარედ სანაპირო ზოლი, რომლის ფართობია 11 810 კვადრატული მეტრი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, საპატრიარქოს უსასყიდლო უზურფრუქტით გადაეცა. ხელშეკრულება საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის 49 წლის ვადით დაიდო.

საქართველოს მთავრობა ბობოყვათის რეზიდენციის გაყიდვას 25 მილიონად აპირებდა. რეზიდენციის გაყიდვა “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის ნაწილი იყო, რაც აქტუალური ლარის კურსის გაუფასურების შემდეგ გახდა.

ამავე განკარგულების მიხედვით, 21 სექტემბრის შემდეგ 60 დღის ვადაში საპატრიარქომ სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს მის მფლობელობაში არსებული შპს “კრწანისის ტყე-პარკის” 100%,  რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით საპატრიარქოს 2010 წელს 1 ლარად გადაეცა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “კრწანისის ტყე-პარკს”, რომლის მიზანი მომგებიანი საქმიანობაა, 25%-ს საპატრიარქო, ხოლო 75%-ს კომპანია „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგი” ფლობს. კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მფლობელები სამშენებლო საქმიანობის დაწყებას აპირებდნენ.

„ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგი” 2014 წლის 1 აპრილსაა დარეგისტრირებული. რეესტრში განცხადება ამავე დღეს აქვს შეტანილი რატი ღვამბერიას. „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი კი რომანოზ მოსულიშვილია. რომანოზ მოსულიშვილი ორი წლის წინ „ქართული კაზინოს ჯგუფის“ წილების გასხვისებისას რატი ღვამბერიას ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საპატრიარქოს, რათა გაერკვია, თუ რა გეგმები აქვს ბობოყვათის რეზიდენციასთან დაკავშირებით, ასევე, მივმართეთ ქონების მართვის სააგენტოს შესაბამისი შეკითხვებით. სააგენტოში გვითხრეს, რომ პასუხებს მოგვიანებით მოგვაწვდიან, ხოლო საპატრიარქოში ჩვენს შეკითხვებს ამ დრომდე არ უპასუხეს.

კრწანისის ტყეპარკი

კრწანისის ტყეპარკი

მასალების გადაბეჭდვის წესი