ახალი ამბები

გინდათ , რომ პოლიცია ეკლესიაში შეიჭრას, ეს ვერ მოხდება – წულუკიანი ჟურნალისტს

8 აპრილი, 2020 •
გინდათ , რომ პოლიცია ეკლესიაში შეიჭრას, ეს ვერ მოხდება – წულუკიანი ჟურნალისტს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას, რატომ აქვს ეკლესიას პანდემიის პირობებში შეკრების წესების დარღვევაზე იმუნიტეტი და რატომ არ ვრცელდება კანონი ეკლესიაზე, ასე უპასუხა: „თქვენ გინდათ, ეკლესიაში შეიჭრას პოლიცია. ეს ვერ მოხდება“.

საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც იკრძალება ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის მგზავრობა, 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობა და ა.შ… ამ რეგულაციის დარღვევისთვის საქართველოს ასეულობით მოქალაქე 3 ათასი ლარით დააჯარიმეს, ჯარიმების საერთო რაოდენობამ კი 7 მილიონს მიაღწია.

არაერთი დაწესებულება გამკაცრებულ პირობებში დაიხურა. ამ ვითარებაში მართლმადიდებელი ეკლესია ფუნქციონირებას აგრძელებს, რაც ეპიდემიოლოგიური საფრთხის გათვალისწინებით, მრევლისა და დანარჩენი მოსახლეობისთვის დამატებითი რისკფაქტორია.

8 აპრილს „კურიერის“ ეთერში ჩართვისას წამყვანმა გურამ როგავამ იუსტიციის მინისტრს დაუსვა კითხვა, თუ რატომ აქვს ეკლესიას „იმუნიტეტი“ იმ დროს, როდესაც 3 ადამიანზე მეტის შეკრება ჯარიმით ისჯება და ეთანხმება თუ არა მინისტრი მოსაზრებას, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს.

„არავის არ უთქვამს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში კანონის წინაშე აქვს იმუნიტეტი“, უპასუხა წულუკიანმა, რის საპირწონედაც წამყვანმა მოიტანა კადრები, რომლებიც აღწერს, რომ ეკლესიებში კვლავ ჩვეულ რეჟიმში გრძელდება ადამიანების შეკრება, არადა, 3-ზე მეტი პირის შეკრება არაა დაშვებული.

„არ მისმენთ, მომისმინეთ“, – უპასუხა წულუკიანმა და გააგრძელა: „ბევრჯერ ითქვა … წესი არის წესი. როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი … წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, კანონი არის თუ არა ყველასთვის ერთი, საუბარია ალბათ იმაზე, თუ კითხვას სწორად მიგიხვდით, ამ კანონს თუ დაარღვევენ, როგორი იქნება სანქცია“.

„ამ კანონს არღვევენ. რატომ არ არის რეაგირება“? – ჰკითხა ჟურნალისტმა, რაზე წულუკიანმა უპასუხა: „კანონს ვინც არღვევს, ის ჯარიმდება. თქვენ თუ არ იცით, უნდა ჩახედოთ ციფრებს, გუშინდელი ღამე იყო შედარებით კანონმორჩილი“.

წამყვანმა, გურამ როგავამ კიდევ ორჯერ გაიმეორა, თუ რას გულისხმობდა კითხვაში— არა მოქალაქეების ღამით, ქუჩებში დაჯარიმებაზე, არამედ მრევლის შეკრებაზე ეკლესიებში, რაზეც წულუკიანმა უპასუხა:

„პირდაპირ თქვით, საით მიგყავთ საუბარი. გინდათ დასვათ კითხვა, უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში“? ამის შემდეგ მათ შორის დიალოგი ასე წარიმართა:

გურამ როგავა: „არ მიკითხავს მე ეს, უნდა შეიჭრას თუ არა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის. შედეგი რატომ არ არის ამ დრომდე, რომ კომპრომისზე წავიდეს [საპატრიარქო]?

თეა წულუკიანი: „ტრენდი გაქვთ, მე რასაც გატყობთ, რომ პოლიციას უბიძგოთ, შეიჭრას ეკლესიაში“…

„არა. კანონი არის თუ არა ყველასთვის თანაბარი“?

„თქვენ ხართ ჟურნალისტი და არ უნდა მოუწოდებდეთ არავის, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში“.

„მე არავის არაფერს მოვუწოდებ. თქვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, გეკითხებით, თქვენი მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება რატომ ვერ ხდება. ამ კითხვაზე პასუხს ვითხოვ, არ ვითხოვ, რომ ეკლესიაში შეიჭრას პოლიცია“.

„თქვენ გინდათ, ეკლესიაში შეიჭრას პოლიცია. ეს ვერ მოხდება. ეს ერთი. მეორე: კანონი ყველასთვის არის ერთი, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ თქვენ ეს. და იმ ღამეზე რომ არ გინდათ საუბარი, როცა ყველაზე თვალსაჩინოა პოლიციის მოქმედება და მადლობა მინდა გადავუხადო მათ… იმ ღამეს ჩანს, რომ ანაფორიანიც ჯარიმდება და უანაფოროც“, – განაცხადა წულუკიანმა.

მოგვიანებით მინისტრმა ისევ გაიმეორა: „თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან, ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი