ახალი ამბები

რესტორატორთა ასოციაცია პრემიერს წერილით მიმართავს და კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს

8 აპრილი, 2020 • 1264
რესტორატორთა ასოციაცია პრემიერს წერილით მიმართავს და კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს

საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია პრემიერს წერილით მიმართავს და შექმნილი ვითარების გამო დახმარებას სთხოვს. ასოციაციამ გუშინ, 7 აპრილს, გაასაჯაროვა 28 მარტს გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი წერილი.

როგორც წერილში ვკითხულობთ, ასოციაციის წევრები პანდემიის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ვერ იხდიან აშშ დოლარში განფასებულ იჯარის ქირასა და სხვა გადასახადებს.  მათივე განცხადებით, კომპანიების უძრავი ქონება დატვირთულია საბანკო ვალდებულებებით, აქვთ დავალიანება ბანკების მიმართ და სამთვიანი შეღავათის შემდეგ გაზრდილი პროცენტით მოუწევთ კრედიტზე გადასახდელი ყოველთვიური შენატანის გადახდა.

“ფორსმაჟორის დასრულების შემდეგ თითოეული მეწარმე მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება, ვინაიდან ბიზნესი უნდა გაგრძელდეს არა ნულიდან, არამედ მინუსებიდან. ტურიზმისა და სარესტორნო ბიზნესის გაკოტრებას ჯაჭვური რეაქციით მიჰყვება სადისტრიბუციო კომპანიების დახურვა”, -ნათქვამია წერილში.

მათივე განცხადებით, სარესტორნო ბიზნესის გაკოტრება პირდაპირ დარტყმას მიაყენებს კომერციულ ბანკებსაც, რადგან ისინი საკუთარ სასესხო ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ. სესხის გადახდას ვერ შეძლებენ მათი თანამშრომლებიც, ასევე, ფინანსური პრობლემები შეექმნებათ კომუნალური მომსახურეობის მიმწოდებელ კომპანიებსაც.

ამის გათვალისწინებით ასოციაცია გიორგი გახარიას კრიზისიდან გამოსვლის გზებს სთავაზობს, როგორებიცაა მათი უმუშავრად დარჩენილი თანამშრომლებისთვის ფულადი დახმარების გამოყოფა და კომუნალურ გადასახადებში დახმარება.

რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესს, საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია მთავრობას კრიზისის დასაძლევად შემდეგ შეღავათებს სთხოვს:

  • შექმნილ ანტიკრიზისულ ფონდთან ერთად შეიქმნას ბიზნესის დახმარების მუდმივი ფონდი, სადაც მსხვილი ბიზნესკომპანიები, რომელთაც პანდემიისგან გამოწვეული ზარალი ნაკლებად შეეხოთ, გამოყოფენ თანხას, რითაც მოხდება ტურიზმისა და სარესტორნე სფეროში მოღვაწე ბიზნესის პირველადი დახმარება. გამართულად ამუშავების შემდეგ (დაახლოებით ორი წელი) სექტორი თავად დაიწყებს ამ ფონდში თავისი წილის შეტანას და სხვის დახმარებას.
  • გამოცხადდეს დროებითი მორატორიუმი ტურიზმისა და რესტორნების სფეროში მოღვაწე კომპანიების საკრედიტო ვალდებულებების გადახდაზე (ძირითადი თანხა და სესხის პროცენტი 8-დან 12 თვემდე).
  • გამოცხადდეს დროებითი მორატორიუმი (6- დან 12 თვემდე) საგადასახადო ვალდებულებებზე (საშემოსავლო, ქონების, საპენსიო და დღგ).
  • გთხოვთ, შუამდგომლობა გაგვიწიოთ ეროვნულ ბანკთან, რათა მოიხსნას არსებული ლიმიტი საკრედიტო სესხის გაცემაზე და დაიშვას უკვე არსებულთან ერთად, დაბალპროცენტიანი (არაუმეტეს 3-4%) სესხის გაცემა, რომელსაც ექნება მინიმუმ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი. ასევე შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის თანადაფინანსება და გარანტორად დადგომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი