ახალი ამბები

3000-ლარიანი ჯარიმების გადახდის ბოლო ვადა უცნობია

7 აპრილი, 2020 • 4484
3000-ლარიანი ჯარიმების გადახდის ბოლო ვადა უცნობია

საგანგებო მდგომარეობისას დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული ჯარიმების გადახდის ბოლო ვადა უცნობია.  ინფორმაციას ამის შესახებ მომხმარებლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი აწვდის.

როდისაა 3000-ლარიანი ჯარიმის გადახდის ბოლო ვადა დაჯარიმების დღიდან? – ამ კითხვაზე ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს COVID-19-ის საკითხებისათვის შექმნილი ცხელი ხაზი – 144, ოპერატორი მომხმარებლებს შსს-ში ამისამართებს.

ნეტგაზეთი პასუხს კითხვაზე შსს-ს პრესსამსახურისგანაც ელის.

საგანგებო რეჟიმის პირობებში შეჩერებულია ყველა, მათ შორის მანამდე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რა ვადები ეძლევათ მათ, ვინც კომენდანტის საათისას განსაზღვრული და სხვა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესები დაარღვია და 3 000 ან 15 000 (იურიდიული პირები) ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციის ხელახლა გადასამოწმებლად მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე დარეკვა 21 აპრილის შემდეგ  გვთხოვეს.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ჩვეულებრივ დროს, ანუ არა საგანგებო სიტუაციისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის ბოლო ვადა დაჯარიმებიდან 30 დღის განმავლობაშია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, კანონით, ყველა ადმინისტრაციული წესით განსაზღვრულ ჯარიმას გასაჩივრების 10 დღე და თანხის გადახდის მაქსიმუმ 30 დღე აქვს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ რაიმე ახალი დადგენილება არ გამოსცა, რომელიც აღნიშნული ჯარიმების გადახდასაც შეეხება, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჯარიმების გადახდის ბოლო ვადა, ყველა სხვა ადმინისტრაციული ჯარიმის მსგავსად, 30 დღით განისაზღვრება:

“საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე შეჩერებულია ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების პროცესი, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ შეჩერებულიუა გადახდის 30- დღიანი ვადაც. თუმცა საგანგებო სიტუაციის გახანგრძლივების ან რაიმე ახალი დადგენილების შემოღების შემთხვევაში შესაძლებელია, 3 000 და 15 000- ლარიანი ჯარიმების გადახდის ათვლის წერტილად სხვა თარიღი განისაზღვროს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიცვლება გადახდის მაქსიმალური ვადა ანუ 30 დღე”, – განმარტა ქურდოვანიძემ.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევისთვის. საუბარია საკარანტინო საათებში უნებართვო გადაადგილებაზე, დასაშვებზე მეტი ადამიანის ერთად თავმოყრაზე და სხვა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტიდან მოქმედებს, შესაბამისად, წესების დამრღვევ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებსაც ამ დღიდან აჯარიმებენ.

შსს-ს ვებგვერდზე 21 მარტის შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით 2300-ზე მეტი ფიზიკური პირი და 23 იურიდიული პირი უნდა იყოს დაჯარიმებული, რაც თანხობრივად 7 მილიონზე მეტ ლარს ნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი