ახალი ამბები

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილების დღიური რიცხვები იკლებს

6 აპრილი, 2020 • 1310
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილების დღიური რიცხვები იკლებს

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში COVID-19 გავრცელდა და ათეულათასობით ადამიანს დაუდგინდა, ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილების დღიური რიცხვები იკლებს, ხოლო რამდენიმე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული შეზღუდვების გამარტივებისთვის ან გაუქმებისთვის ემზადებიან.

ავსტრია

ავსტრიაში თანდათანობით აპირებენ, ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუდნენ. კანცლერ სებასტიან კურცის განცხადებით, მთავრობა მცირე მაღაზიებს გახსნის საშუალებას შემდეგ კვირას მისცემს, მიზანი კი არის, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა მაღაზია და მოლი 1 მაისს გაიხსნას. შემდეგ, კურცის გეგმის თანახმად, მაისის შუა რიცხვებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიხსნას სასტუმროები და რესტორნები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამის თაობაზე აპრილის ბოლოს მიიღებენ. რაც შეეხება საჯარო  ღონისძიებებს, ამ გეგმით, ივნისის ბოლომდე ქვეყანაში არავითარი ღონისძიება არ ჩატარდება.

ავსტრიაში კვირას დილით ახალი შემთხვევების რაოდენობა 270-ით გაიზარდა წინა დღესთან შედარებით, თუმცა გამოჯანმრთელებული ადამიანების სტატისტიკა 491-ით მეტი იყო შაბათთან შედარებით.

6 აპრილისთვის ავსტრიაში კორონავირუსის პანდემიით 204 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი.

გერმანია

„გარდიანის“ ცნობით, რობერტ კოხის სახელობის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობა უკვე მეოთხე დღეა, რაც მცირდება.

ორშაბათის მონაცემით, წინა დღეს დაფიქსირდა 3,677 ახალი შემთხვევა, ხოლო კვირას გავრცელებული ინფორმაციით, წინა დღეს დადასტურებული შემთხვევები 5936 იყო.

გერმანიაში 6 აპრილის მდგომარეობით კორონავირუსის 95,391 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილია 1434 ადამიანი.

ესპანეთი

ესპანეთშიც, რომელმაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით ცოტა ხნის წინ იტალიასაც გადაასწრო და ამჟამად აშშ-ის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს, კორონავირუსისგან დადასტურებული გარდაცვალების დღიური შემთხვევები უკვე მეოთხე დღეა, რაც იკლებს.

„გარდიანის“ ცნობით, ესპანეთში, ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, წინა დღეს დაფიქსირდა COVID-19-ისგან გარდაცვალების 637 შემთხვევა — გამოცემა იუწყება, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები იკლებს, ხოლო გარდაცვალების 637 შემთხვევა 24 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საფრანგეთი

როგორც ტელეარხი France 24 იუწყება, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დღიური გარდაცვალების მაჩვენებელი წინა დღესთან შედარებით შემცირებულია.

France 24-ის ცნობით, საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით 357 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ, როცა წინა დღეს კორონავირუსისგან 441 პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც France 24 წერს, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, საფრანგეთში, მთლიანობაში, კორონავირუსით 8078 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დადასტურებულია დაავადების 70478 შემთხვევა.

იტალია

CNN-ის ცნობით, იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის ყველაზე დაბალი რაოდენობა — 525 დაფიქსრიდა. CNN-ის ინფორმაციათ, ეს განცხადება იტალიის სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ კვირას გააკეთა.

იტალიაში ამჟამად კორონავირუსისგან 15877 დაიღუპა. გამოჯანმრთელდა 21,815, ხოლო დაავადებულთა რაოდენობა თითქმის 130 000-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი