ახალი ამბები

ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა

6 აპრილი, 2020 • 1085
ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნიუ იორკში, ბრონქსის ზოოპარკში 4 წლის ვეფხვს Covid-19 დაუდასტურდა. ეს არის ახალი კორონავირუსის ადამიანისგან ცხოველისთვის გადაცემის პირველი გახმაურებული დადასტურებული შემთხვევა. ჯერჯერობით კვლავ არ დასტურდება ცხოველისგან ადამიანისთვის გადაცემის ფაქტები.

ინფორმაცია კვირა საღამოს გაავრცელა ზოოპარკის ადმინისტრაციამ. 4 წლის ვეფხვს, სახელად ნადიას, ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც Covid-19-ის სიმპტომები, მათ შორის მშრალი ხველა გამოუვლინდა. ინფორმაციას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ადასტურებს.

სიმპტომები გამოუვლინდა კიდევ 6 ვეფხვსა და ლომს. BBC-ის ცნობით, ახალი კორონავირუსი მათაც დაუდასტურდათ.  ადმინისტრაციის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირება აიოვის „ეროვნულმა ვეტერინარულმა ლაბორატორიამ“ დაადასტურა.

ზოოპარკის ვარაუდით, ცხოველებს ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ, რომელიც ამ დრომდე უსიმპტომოა, თუმცა ინფიცირება უდასტურდება. ბრონქსის ზოოპარკი 16 მარტის შემდეგ მნახველებისთვის დახურულია.

ზოოპარკის მთავარი ვეტერინარის განცხადებით, „ეს არის ჩვენთვის ცნობილი პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა გადასდო ვირუსი ცხოველს და ცხოველი ავად გახდა“.

ზოოპარკის თანახმად, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მიმდინარეობს დაავადება ზოგადად ცხოველებში.

„მართალია, მათ აღენიშნებათ მადის შემცირება, მაგრამ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები სხვა მხრივ კარგად არიან, ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან“, – აცახდებს ადმინისტრაცია.

როგორც BBC წერს, მიიჩნევა, რომ კორონავირუსი (ვირუსის სახელია Sars-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადება Covid-19-ს) ველურ ბუნებაში გაჩნდა და ადამიანებს ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ცხოველთა ბაზრიდან გადაედოთ.

„პანდემია ვირუსის ადამიანისგან ადამიანისთვის გადაცემით გავრცელდა, მაგრამ ვეფხვის ინფიცირება ახალ კითხვებს აჩენს ადამიანისგან ცხოველითვის გადაცემასთან დაკავშირებით“, წერს BBC.

ზოოპარკის განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აშშ-ში რომელიმე ადამიანს ცხოველისგან, მათ შორის შინაური ცხოველისგან, გადასდებოდა Covid-19.

ამ ხედვას იზიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (WHO). ჯანმოს თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ Covid-19 ადამიანებს ცხოველებისგან გადაედებათ.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს ურჩევენ, შეამცირონ კონტაქტი ცხოველებთანაც, მათ შორის შინაურ ცხოველებთან, სანამ მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.


გამოცემა „გარდიანის“ (The Guardian) ინფორმაციით, ჩინეთში, „ჰარბინის ვეტერინარული კვლევის ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, Covid-19 შესაძლოა კატებს გადაედოთ და სხვა კატებსაც გადასდონ.

ნახეთ ასევე:

საიდან გაჩნდა კორონავირუსი?

მასალების გადაბეჭდვის წესი