ახალი ამბები

ჯანეზაშვილი: კიკილაშვილის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს აბუჩად აგდებაა

3 აპრილი, 2020 • 1709
ჯანეზაშვილი: კიკილაშვილის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს აბუჩად აგდებაა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნას აფასებს და ამბობს, რომ კიკალიშვილის ყველა კარიერული წარმატება გიორგი მიქაუტაძის საქმეს უკავშირდება.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში ბათუმში,  გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე.    არასრულწლოვნის მშობლები – თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს მათი შვილის ცემაში ადანაშაულებდნენ. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაგრძელდა.

სწორედ ამ საქმის მოსამართლე იყო ხვიჩა კიკილაშვილი, რომელმაც არასრულწლოვნის მშობლების მიმართ გამამტყუენებელი განაჩენი გამოიტანა. ჯანეზაშვილის თქმით, სწორედ ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო დაინიშნა 2018 წელს კიკილაშვილი უვადო მოსამართლედ და მის გასაუბრებას კანონის მოთხოვნების დარღვევით გიორგი მიქაუტაძეც ესწრებოდა:

“კიკილაშვილი საერთო სასამართლოების სისტემაში იყო უვადო მოსამართლე. იგი უვადოდო დაინიშნა იმიტომ, რომ ჰქონდა მიქაუტაძის საქმე. მან ამ საქმით დაამტკიცა კლანის მორჩილება. ის არის მოსამართლე საქმეზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო იმ მუხლით, რომ ოჯახი, რომელთა მიმართაც გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ვსაუბრობ ხაჩიძე-ხაჭაპურიძეზე, რამდენიმე წელია დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, სადაც თავშესაფარი მიიღეს.

გიორგი მიქაუტაძე გასაუბრებაში  მონაწილეობდა, ეს იყო 2018 წელი. მაშინ ვისაუბრე ღია ეთერში, რომ მას ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი და კანონი ავალდებულებდათ, რომ ერთ-ერთს მაინც ამ საქმის შესახებ უნდა განეცხადებინა საბჭოს სხდომაზე და დაეყენებინათ აცილების საკითხი, რაც არცერთმა გააკეთა. მას შემდეგ, რაც საჯაროდ ვისაუბრე, მიქაუტაძემ გამოაცხადა, რომ შემდეგ პროცესში აღარ მიიღებდა მონაწილეობას და გამოეთიშა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. იგი ამ გასაუბრების შემდგომ უვადო მოსამართლე გახდა”, – ამბობს ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, ამის შემდეგ კიკილაშვილი ჯერ სააპელაციო სასამართლოში განაწესეს, ახლა კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა:

“როგორც ჩანს, ამის შემდეგ მან სერიოზულად დაუმტკიცა მორჩილება “ჩინჩალაძის კლანს” და იგი გადმოიყვანეს სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე ხნის წინ, ანუ უფრო დააწინაურეს ზედა ინსტანციაში, და უკვე ვხედავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა”, – ამბობს ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, კიკილაშვილი არ აკმაყოფილებს სათანადო კრიტერიუმებს ამ თანამდებობის დასაკავებლად და მისი დანიშვნა მოსამართლედ საკონსტიტუციო სასამართლოს აბუჩად აგდებაა:

“ნამდვილად არ გააჩნია სათანადო გამოცდილება.  მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ხანია, ათეულ წელზე მეტია, არის მოსამართლე,  ვერ დაიკვეხნის ან ღირსებით, ან კვალიფიკაციით, ან ისეთი გამოცდილებით, რომელიც რაიმე კუთხით იქნება მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელი შემადგენლობისთვის. ეს არის მართლმსაჯულების სირცხვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს აბუჩად აგდება”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, ერთია არაკვალიფიციური კადრის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა, მეორე კი – ეს როდის ხდება. ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ:

“ერთია, თუ ვინ აირჩიეს, მეორეა, როდის აირჩიეს. აუცილებლად ამ კითხვას დასვამს ყველა, რაც დრო გავა. და როდესაც კორონავირუსის შემდგომ დაწყნარდება ქვეყანაში ვითარება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კითხვა იარსებებს და მასზე მოუწევთ პლენუმის წევრებს გასცენ პასუხი.  ცხადია, პლენუმმა ეცადა და ეს შედეგი დადგა კიდეც, რომ ესარგებლა იმ შედეგით, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გამოა. მთელი საზოგადოების ყურადღება, ბუნებრივია, მიმართულია იმისკენ, რომ დამარცხდეს ეპიდემია ქვეყანაში. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, პლენუმი იკრიბება და ამ დროსაც კი იკრიბება იმისთვის, რომ მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავისი კადრი დანიშნოს. ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს – ისინი სარგებლობენ ამ შემთხვევით და ცდილობენ, რომ გააპარონ თავისი კადრი საკონსტიტუციო სასამართლოში ისე, რომ საზოგადოების ყურადღება არ იყოს ისეთი მაღალი დონის, როგორიც ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა”, – ამბობს ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი