ახალი ამბები

მარტში წლიური ინფლაცია 6.1%-ია

3 აპრილი, 2020 • 1006
მარტში წლიური ინფლაცია 6.1%-ია

2020 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

თვიური ინფლაცია

მარტში თებერვალთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 2%-იანი მატება დაფიქსირდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.63 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.6%), ხილი და ყურძენი (8.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.7%), ზეთი და ცხიმი (2.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3%), პური და პურპროდუქტები (1.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის (-1.3%) და თევზეულის (-1.2%) ქვეჯგუფებზე.

რაც შეეხება ტრანსპორტს თვიურ ინფლაციაში საქსტატის ცნობით, ფასები 0.8%-ით შემცირდა.

 

წლიური ინფლაცია

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (29.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (9.1 პროცენტი), თევზეული (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.4 პროცენტული პუნქტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა საზოგადოებრივ კვებაზე (10.3 პროცენტი), ამასთან, ფასები შემცირდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (-2.1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.8 -პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.7 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (6.5 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი