ახალი ამბები

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, უარი თქვან სუბსიდიაზე და კომუნალურები თავად გადაიხადონ

2 აპრილი, 2020 • 2046
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, უარი თქვან სუბსიდიაზე და კომუნალურები თავად გადაიხადონ

მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის სუბსიდია არ სჭირდებათ, პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმა შეეძლებათ. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში განუცხადეს.

როგორც “სემეკში” ამბობენ, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს პლატფორმის შექმნაზე, სადაც მოქალაქეებს განაცხადის შეტანა შეეძლებათ, რომ არ სურთ, მთავრობამ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადი დაუფაროს. კომისიის ცნობით, უფრო დეტალურად, თუ როგორ უნდა მიმართოს მოქალაქემ აღნიშნულის შესახებ განცხადებით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

საქართველოს მთავრობის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, ყველა აბონენტს, რომელიც 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე გაზს მოიხმარს, სამი თვით აღნიშნულ გადასახადებს მთავრობა გადაუხდის. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ასეთია ელექტროენერგიის 1.2 მილიონი აბონენტი (საერთო რაოდენობის 2/3) და ბუნებრივი აირის 650 ათასი აბონენტი.

გიორგი გახარიამ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ მათავრობამ დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეების შეფასებისთვის რამდენიმე მეთოდი მოსინჯა, თუმცა ყველაზე სამართლიანად მიიჩნია მოხმარებულ ენერგიაზე მიბმული სტრუქტურა:

“რთულია იდენტიფიცირება, ადამიანმა დაკარგა თუ არა შემოსავალი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა, ვინც მოიხმარს ამაზე ნაკლებს, იმსახურებს ამას. მე მესმის, იდეალური არაფერი არსებობს და ხარვეზები ყველა შემთხვევაში არის. პირველი, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც რამდნეიმე ბინა აქვთ, საკამოდ შეძლებული არიან”, – თქვა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქეს, რომელსაც არ სურს მთავრობის დახმარების მიღება, შეეძლებათ უარის თქმა.

მთავრობის ამ ინიციატივის შესახებ ცნობების გავრცელებიდან მალევე არაერთმა პირმა დაწერა ფეისბუკზე, რომ სუბსიდია არ სჭირდებათ და აინტერესებთ, როგორ თქვან უარი მასზე. მოქალაქეთა ნაწილი კი გეგმავს, მთავრობის მიერ დარიცხული თანხა გადარიცხოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სამთავრობო ფონდში.

მოქალაქეთა ნაწილი კი მზად არის, კომუნალური გადასახადები იმ ოჯახებს გადაუხადოს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ მიზნით ფეისბუკში შექმნილია ჯგუფი, სადაც იმ პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს და მოიხმარენ 200 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე მეტ ბუნებრივ აირს, თუმცა შესაძლებლობა არ აქვთ გადაიხადონ, სხვა მოქალაქეები დაუფარავენ კომუნალურ გადასახადებს.

აღნიშნულ ჯგუფში გასაწევრიანებლად გადადით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი