ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბრიდან ფუნქციონირებას განაახლებს

13 სექტემბერი, 2015 • • 2157
თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბრიდან ფუნქციონირებას განაახლებს

როგორც თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ ფეისბუკ გზავნილშია ნათქვამი, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ზოოპარკის ზედა ნაწილი მოწესრიგდა, შედეგად ვიზიტორები ტერიტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთის დათვალიერებას და გადარჩენილი ცხოველების მონახულებას შეძლებენ. სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული ქვედა ტერიტორიის აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.

 

თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე განაგრძობს.

 

„ზოოპარკის გახსნა სიმბოლურად დაიგეგმა 13 სექტემბერს, როდესაც სრულდება ზუსტად 3 თვე 13 ივნისის სტიქიის შემდეგ. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოოპარკს დაუბრუნდეს ჩვეული ხალისი და ის კვლავაც იყოს არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების საყვარელი ადგილი. 2016 წლის გაზაფხულისთვის ვგეგმავთ ახალი ცხოველების ჩამოყვანასაც. ამ ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკში უკვე შეგვეძინა რამდენიმე ახალშობილი, ასე რომ, სიცოცხლე გრძელდება. ველით ყველას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ზოოპარკი ისევ ძველებურად ხალხმრავალი ადგილი გახდება”, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.

 

13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისის ზოოპარკი დაიტბორა და ცხოველები ვოლიერებიდან გაიქცნენ. ბევრი მათგანი დაიხრჩო. მტაცებელი ცხოვრელების დიდი ნაწილის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ზოოპარკის ადმინისტრაციამ მოგვიანებით გაავრცელა გადარჩენილ ცხოველთა სია

მასალების გადაბეჭდვის წესი