ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი

30 მარტი, 2020 •
კორონავირუსით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი

ბათუმში დღეს, 30 მარტს, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროში დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ინფიცირებულ პირთან კონტაქტისას გადაედო Covid-19.

„მთავარის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებული პირი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმია. „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან გადაამოწმა.

„ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა ინფიცირებული ექიმი, რაც მინისტრმა უარყო. კითხვაზე, იყო თუ არა ინფიცირებული საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, მინისტრმა გვითხრა: „თქვენ მკითხეთ, იყო თუ არა ექიმი. მე გეუბნებით, რომ არ არის ექიმი. დანარჩენს ეტაპობრივად მოგახსენებთ“.

„ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს არის იმ დადასტურებული შვიდი შემთხვევიდან ერთ-ერთთან კონტაქტი. აქედან გამომდინარე, მასზე ისედაც დამყარებული იყო ეპიდზედამხედველობა და ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ გადაყვანილი იქნა კლინიკაში. ჩატარებული ლაბორატორიული ტესტით დაუდასტურდა კორონავირუსი. არის მსუბუქი მიმდინარეობის ჯერჯერობით, მინიმალური კლინიკური ნიშნებით და აგრძელებს მკურნალობას. გადაიყვანენ „მედალფაში“ და იქ გააგრძელებს მკურნალობას. ახალი გადაწყვეტილებით ვირუსიანები გადაგვყავს “მედალფაში”, რადგან ინფექციური საავადმყოფო იქნება ე.წ. „ცხელების ცენტრი“, სადაც შევლენ პირველადი პაციენტები“, – გვითხრა ზაალ მიქელაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ინფიცირება მოხდა ფილტვის ინტუბაციის დროს, ზაალ მიქელაძე ამას კატეგორიულად უარყოფს. „ფილტვის ინტუბაციას აკეთებს მხოლოდ ექიმი და ეს ინტუბაცია გაკეთდა იმ პაციენტზე, რომელიც “მედალფაშია”. აქედან გამომდინარე ეგ არ არის ნამდვილად სწორი ინფორმაცია“ ,– გვითხრა მან.

კითხვაზე, უარყოფთ თუ არა, რომ სამედიცინო პერსონალიდან არის ინფიცირებული, ზაალ მიქელაძემ ასე გვიპასუხა:

„აი, მაგ კვლევის ეტაპს რომ დავასრულებთ, მერე გეტყვით. იმიტომ, რომ ყველა შესაძლო შემთხვევა, რაც შეიძლება იყოს კავშირში ამა თუ იმ ინფიცირებულთან, საჭიროებს ძალიან დეტალურ, ღრმა კვლევას, თავისი ყველა შესაძლო გადაადგილებით, კონტაქტით და ა.შ. და გესმით ალბათ, რატომაც არ ვადასტურებთ, ვიდრე ეპიდკვლევა არ დასრულდება, რომ ვინმე ამ ეპიდკვლევიდან არ ამოვარდეს. ამიტომ არასდროს არ ვადასტურებ კონკრეტულ შემთხვევას, ვიდრე ეპიდკვლევის რუკები არ გვეცოდინება“.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით უკვე 8 პაციენტს მკურნალობენ.

29 მარტის 11 საათის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 103 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი