ახალი ამბები

ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, თვეების განმავლობაში ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე – გახარია

30 მარტი, 2020 • 3377
ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, თვეების განმავლობაში ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, უმუშევრობის და ნაკლები ეკონომიკური აქტივობების პირობებში საქართველოს ეკონომიკა ვერ შეძლებს, თვეების განმავლობაში თითოეული მოქალაქის სუბსიდირება მოახდინოს.

ამიტომ, მისი თქმით, მთავრობა ცდილობს ბალანსის დაცვას და კორონავირუსის გავრცელბასთან ბრძოლას ისე, რომ ბოლომდე არ შეზღუდოს ეკონომიკური აქტივობები.

“საყოველთაო კარანტინი ნიშნავს იმას, რაც ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, თავიდან ავირიდოთ. ეს ნიშნავს სახლიდან გამოსვლის აკრძალვას, რაც დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ, საბედნიეროდ, ვთვლით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები. ამიტომ ვცდილობთ დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში, უმუშევრობის და ეკონომიკის გაჩერების პირობებში, ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ზომების გამკაცრების და ე.წ. კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.  სრულად იკრძალება:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება;
  •  3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2- მეტრიანი სოციალური დისტანცია.
  • 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას, პრემიერის თქმით, ექნება სპეციალური საშვი. საშვებით ისარგებლებენ მედიის, ასევე, დისტრიბუციის ქსელის თანამშრომლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი