ნეტგაზეთი | ციხეების 780 თანამშრომელი მომდევნო რამდენიმე კვირა საპატიმროს არ დატოვებს – წულუკიანი ციხეების 780 თანამშრომელი მომდევნო რამდენიმე კვირა საპატიმროს არ დატოვებს – წულუკიანი – Netgazeti

ციხეების 780 თანამშრომელი მომდევნო რამდენიმე კვირა საპატიმროს არ დატოვებს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით შეირჩა 780 თანამშრომელი, რომელიც შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დატოვებს საპატიმროს ტერიტორიას, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული. ამის შესახებ წულუკიანმა დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“შეირჩა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში საპატიმროს ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ, ანუ პერიმეტრის შიგნით, და ისინი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღარ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიაზე, ტერიტორიის დატოვების გარეშე, იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი გარედან ვირუსს შემოიტანს”, – თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა გადაწყვიტა და ოჯახს მოწყდა.

“400-ზე მეტი ადამიანი იქნება თითო ცვლაში, შემდეგ დაისვენებს საპატიმროს ტერიტორიაზე, მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და, რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი არ არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები. მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც, მუშაობის ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი დაკომპენსირდეს”, – განაცხადა წულუკიანმა.


პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი 31 მარტის დილის 8 საათიდან დაიწყება.

პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. ამ დროს ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს ექნებათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი