ახალი ამბები

“ვირუსი კი არა, შიმშილი მოგვკლავს” – მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა

30 მარტი, 2020 • 1349
“ვირუსი კი არა, შიმშილი მოგვკლავს” – მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა

მარნეულის მერიასთან მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან და ქალაქიდან ხალხი შეიკრიბა. მათი ძირითადი მოთხოვნა სოციალური დახმარებების მიღება და კარანტინის დროს შექმნილი სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს.

“მე სამი არასრულწლოვანი ბავშვი მყავს ოჯახში, ღარიბი ოჯახი ვართ, დახმარებას ვთხოვთ. ოთხი თვეა ვცდილობ დახმარების მოპოვებას და ახლა მოვედი, რომ ვითხოვო სოციალური დახმარება. მარტოხელა ქალი ვარ, ობლების პატრონი, და ვზრდი ობოლ შვილიშვილს. ვირუსი კი არ მოგვკლავს, ჩვენ შიმშილი მოგვკლავს”, – განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განმარტებით, სოციალურ დახმარებას ურიგებენ იმ ოჯახებს, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ:

“ჩვენ ვეხმარებით გარკვეული ჯგუფის ოჯახებს და, სამწუხაროდ, მოსახლეობაში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება. თუმცა ეს დახმარება არის გარკევული ჯგუფებისთვის. ჩვენ გვაქვს სიები და მოვალთ ყველგან, ყველა ოჯახში, ყველას დავეხმარებით. ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში, არ დატრიალდეს ის, რაც მოხდა იტალიაში”, – განაცხადა მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა “რადიო მარნეულთან” საუბრისას.

გარდა ამისა, “რადიო მარნეულის” ჟურნალისტის, კამილა მამედოვას ინფორმაციით, მერიასთან შეკრებილ მოსახლეობას შორის იყო ქალი, რომელიც დმანისში ცხოვრობს და სურს სახლში დაბრუნება, თუმცა კარანტინიდან გამომდინარე ამას ვერ ახერხებს.

ამ დროისთვის კი, (12:45) მარნეულის მერიის ტერიოტირაზე შეკრებილი ხალხი დაიშალა.


კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი