ახალი ამბები

თუ თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნისკენ მიგითითეს, დაემორჩილეთ — დეგნანი

26 მარტი, 2020 •
თუ თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნისკენ მიგითითეს, დაემორჩილეთ — დეგნანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდა, ექსპერტების მითითებები შეასრულონ და მათი რჩევები გაითვალისწინონ. მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, ასევე, სამედიცინო პერსონალს „გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის“.

„თუ თქვენ მიგითითეს კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნისკენ, <…> გთხოვთ მოიქცეთ სწორად და დაემორჩილოთ მითითებებს. თუნდაც თავს ჯანმრთელად გრძნობდეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეასრულოთ ეს მითითებები, რათა დაიცვათ თქვენი ახლობლები და საზოგადოების წევრები“, — აღნიშნა დეგნანმა.

მან ასევე მოუწოდა ყველას, შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ, ხოლო თუ გარეთ გასვლა მაინც მოუწევთ, ორმეტრიანი დისტანცია დაიცვან, ხალხმრავალ ადგილებს თავი აარიდონ და ხელები ხშირად დაიბანონ.

ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა სახელმწიფო უწყებებს:

„ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავოს COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი“.

დეგნანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩომ შეწყვიტა ვიზიტორების მიღება და ახლა მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს ატარებს, როგორებიცაა გადაუდებელი სავიზო გასაუბრებები და აშშ-ის მოქალაქეების დახმარება.

მიმართვის დასაწყისში დეგნანმა განაცხადა, რომ კოლეგების უმრავლესობის მსგავსად, დღეს საკუთარ მოვალეობებს სახლიდან ასრულებს და სხვებსაც მოუწოდა, ასეთი შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, სახლში დარჩნენ.


კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: მსოფლიოში – 474 204, საქართველოში – 77;
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: მსოფლიოში – 115 003, საქართველოში 10;
  • გარდაცვალების შემთხვევა: მსოფლიოში – 21 313, საქართველოში – 0.

მასალების გადაბეჭდვის წესი