ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში COVID-19 თუ არ იქნება, ტურისტების ნაკადი გაიზრდება — ბჟანია

26 მარტი, 2020 • 2198
აფხაზეთში COVID-19 თუ არ იქნება, ტურისტების ნაკადი გაიზრდება — ბჟანია

დე ფაქტო აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, “იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში კორონავირუსული დაავადებით — COVID-19-ით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ტურისტები არჩევანს აფხაზეთის სასარგებლოდ გააკეთებენ”. ამის შესახებ მან რუსულ სახელმწიფო მედიასთან— „ტასს”-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ტასს”-ის კითხვაზე, „შეუძლია თუ არა [კორონავირუსით დაავადების არარსებობას] გავლენა იქონიოს ტურისტული ნაკადის ზრდაზე, ბჟანიამ უპასუხა:

“მიმაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის სასარგებლოდ [ტურისტების] არჩევანის გაკეთებას. თუ ასეთი ვითარების შენარჩუნებას შევძლებთ, ეს ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას ჩვენს ქვეყანაში”.


აფხაზეთში მიღებული შემზღუდავი ზომების  დადგენილებაში წერია, რომ 25 მარტიდან, ტურისტული მიზნებით, აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაც აიკრძალება. მაგრამ აფხაზეთში ამ დროისთვის უკვე იმყოფება ასეულობით რუსი, რომელიც საკუთარ ქალაქში არსებულ კარანტინს გამოექცა.

ამასობაში, ფეისბუკის მომხმარებლების აფხაზურ სეგმენტში აქტიურობენ მოქალაქეები, რომლებიც რუსეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვას მოითხოვენ. ლანა ცაავა და დამე ჯონუა აღნიშნული პეტიციის ავტორები არიან. ამ ეტაპზე პეტიციას დაახლოებით 700 ადამიანი აწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი