“ეს პროვოკაციაა, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს ამ წიგნს ჩვენს სკოლასთან კავშირი, არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვისაც ახლა გახდა ცნობილი. თუმცა ამაში არაფერი საშინელი არ არის. თუ რამეა, შეგვიძლია შევცვალოთ, პრობლემა არ არის”, – ამბობს სკოლის დირექტორი.
მისივე განმარტებით, სკოლა ხშირად დამატებით ლიტერატურასაც იყენებს ხოლმე და შესაძლებელია რომელიმე პედაგოგმა კლასში შეიტანა, როგორც დამატებითი სახელძღვანელო.
“მით უმეტეს, რუსულენოვანი სკოლებისთვის არ არსებობს გრიფირებული გეოგრაფიის სახელმძღვანელო. თუმცა, რუსული ენის სახელმძღვანელოს გარდა, ჩვენი ყველა სახელმძღვანელო საქართველოშია გამოცემული”.
ფეისბუქში გავრცელდა მოსკოვში 2015 წელს გამოცემული მეშვიდე კლასის გეოგრაფიის რუსულენოვანი სახელმძღვანელო, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად წერია. აღნიშნული სახელმძღვანელოთი, როგორც ფოტოების ავტორი წერდა, კერძო სკოლა “ინტელექტში” სწავლობენ.
კერძო ზოგადსაგანმანათლებლო რუსულენოვან სკოლა “ინტელექტს” გააჩნია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების გენერალური ლიცენზია, რომელიც 2008 წელს გაცემულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
როგორც სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, სკოლა შექმნილია საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ბავშვების სასწავლებლად, რომელთათვის რუსული ენა არის მშობლიური.
“სკოლა უწევს ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურეობას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მშობლები მოღვაწეობენ საქართველოს სხვადასხვა სამეწარმეო სფეროში, აგრეთვე ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც ბრუნდებიან და გადმოაქვთ თავისი საქმიანობა საქართველოში; დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების შვილებს. დღეისათვის სკოლაში სწავლობს 9 ქვეყნის 16 სხვადასხვა ეროვნების 315 ბავშვი”, – წერია სკოლის ვებ-გვერდზე.
2012 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, “ინტელექტს“ 5 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.


