როგორც სანიკიძემ განაცხადა, 2015-2016 სასწავლო წლისთვის სოციალური პროგრამისთვის გამოყოფილია 2 520 000 ლარი, რომლის ფარგლებში დაახლოებით 1400-მდე სტუდენტი დაფინანსდება.
მინისტრის თქმით, სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში, 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.
”დაფინანსდებიან 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონში მცხოვრები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა შვილები, სამცხე-ჯავახეთიდან დეპირტირებულთა შთამომავლები, უდედმამო, მრავალშვილიანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სოციალურად დაუცველი სტუდენტები,” – განაცხადა სანიკიძემ.
თამარ სანიკიძის განცხადებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2014 და 2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.
”ასევე, დაფინანსდებიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები; მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ან ობოლი (უდედმამო) სტუდენტები,” – ამბობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს N449 დადგენილებით. სამინისტროს ცნობით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 სექტემბრის №986 ბრძანებით.
სამინისტროს ცნობით, დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.
