ახალი ამბები

კორონავირუსი არ გამოყოფს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით – მარნეულის მერი

24 მარტი, 2020 • 1497
კორონავირუსი არ გამოყოფს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით – მარნეულის მერი

მარნეულის მერი ზაურ დარგალი ფეისბუკის პირად გვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე განცხადებას აქვეყნებს.

არაერთ ნეგატიურ, არაფრისმომცემ და ქსენოფობიურ სტატუსებს, კომენტარებსა თუ განცხადებებს ვეცნობი სოციალურ ქსელებში. პრობლემა, სახელად კორონავირუსი, გლობალურია და ამ გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო დგას, იგი არ გამოყოფს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით.

ამასთან, ვიცით, რომ ჩვენ, ყველა ვართ ტრადიციების მიმდევარი ხალხი და რიტუალები, როგორიცაა ქორწილები, დაკრძალვა და ა. შ. ერთნაირი გვაქვს, რომელიც მყარადაა ჩვენში გამჯდარი, ამიტომ მარნეულშიც და საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც რთულია, მოქალაქეები ყოველივე ამის გათვალისწინებით ვირუსის გავრცელების გამო დადგენილ საგანგებო რეჟიმს მყისიერად დაექვემდებარონ”, – წერს დარგალი ფეისბუკზე.

მან მოქალაქეებს ერთმანეთის გვერდში დგომისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ერთმანეთისადმი სიყვარული და ქვეყნის განვითარებისთვის ერთ მუშტად ყოფნა მრავალეთნიკურ მარნეულში თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობას წარმოადგენს”, – აღნიშნავს დარგალი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა მარნეულში მცხოვრები 62 წლის მოქალაქე. მთავრობის განცხადებით, აღნიშნულ პაციენტს საავადმყოფოში მოხვედრამდე უშუალო კონტაქტი ჰქონდა 90-მდე პირთან, თავის მხრივ კი, ამ 90 პირს დამატებით 1 700-ადამიანთან. პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტების მსგავსი რაოდენობის გამო ხელისუფლებამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულ კარანტინში მოაქცია. მცირე გამონაკლისების გარდა აკრძალულია ამ რეგიონში როგორც შეცვლა, ისე – გამოსვლა.

24 მარტის 20:30 საათის მდგომარეობით, საქართველოსი კორონავირუსის დიაგნოზი 70 ადამიანს დაუსვეს, საიდანაც 9 გამოჯანმრთელდა, კარანტინშია 4 ათასზე მეტი ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 250-ზე მეტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი