ახალი ამბები

მარნეულელ პაციენტს COVID-19-ზე ტესტი ჰოსპიტალიზაციდან მესამე დღეს ჩაუტარდა

24 მარტი, 2020 • 966
მარნეულელ პაციენტს COVID-19-ზე ტესტი ჰოსპიტალიზაციდან მესამე დღეს ჩაუტარდა

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის  მარნეულელი პაციენტი მარნეულში, “ჯეო ჰოსპიტალში” პირველად 18 მარტს მოხვდა, თუმცა, როგორც კლინიკა აცხადებს, მას კორონავირუსზე ტესტირება 21 მარტს ჩაუტარდა და უკვე 22 მარტს COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს.

თავად “ჯეო ჰოსპიტალსის” გავრცელებული განცხადება აჩვენებს, რომ მიუხედავად კორონავირუსზე ეჭვისა, მას ეს ანალიზი 3 დღის განმავლობაში არ გაუკეთეს.

“ჯეო ჰოსპიტალსმა” 24 მარტს გაავრცელა განცხადება, სადაც ასახულია პაციენტის ავადმყოფობის ქრონოლოგია საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ:

“შპს „ჯეო ჰოსპიტალსის” მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 18 მარტს, თვითდინებით, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით შემოვიდა მდედრობითი სქესის 62 წლის პაციენტი. რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე დაისვა ორმხრივი პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი.

პაციენტის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა მძიმე თანმხლები დაავადებები: გადატანილი აორტო-კორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი 20- წლიანი ანამნეზით, 4 წლის წინ გადატანილი იშემიური ინსულტი.

დაწესებულების პერსონალმა აღნიშნული შემთხვევა მაშინვე ჩათვალა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად და COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის მართვისათვის განკუთვნილი ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლის სრული დაცვით გაკეთდა შეტყობინება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურში, ადგილობრივი ეპიდემიოლოგებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა პაციენტის გამოკითხვა. ინფორმაცია შემთხვევის შესახებ მიეწოდა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებს”, – წერია “ჯეო ჰოსპიტალსის” განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, პაციენტი რთული მდგომარეობითა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა, სადაც პაციენტებისგან იზოლირებულ გარემოში იყო.

პაციენტის მდგომარეობა კი 21 მარტს კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მას განუვითარდა მძიმე, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, რის შემდეგაც საჭირო გახდა პაციენტის მართვით სუთქვაზე გადაყვანა:

“აღნიშნულის შესახებ ეცნობა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებს. იმავე დღეს, 2020 წლის 21 მარტს, განხორციელდა პაციენტის ბიოლოგიური მასალის აღება COVID-19-ზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით, ხოლო 2020 წლის 22 მარტს დაისვა COVID-19-ის დიაგნოზი.

მძიმე თანმხლები დაავადებებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, 2020 წლის 22 მარტს მართებულად ჩაითვალა პაციენტის გადაყვანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში”, – აცხადებს “ჯეო ჰოსპიტალსი”.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემდეგ კვლევა ჩაუტარდა “ჯეო ჰოსპიტალში” 16 პაციენტსა და კლინიკის 21 თანამშრომელს, რომელთა შედეგიც უარყოფითი აღმოჩნდა.

ამჟამად ეს პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას და მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. გარდა ამისა, მთავრობის განცხადებით, აღნიშნულ პაციენტს საავადმყოფოში მოხვედრამდე უშუალო კონტაქტი ჰქონდა 90-მდე პირთან, თავის მხრივ კი, ამ 90 პირს დამატებით 1 700-ადამიანთან. პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტების მსგავსი რაოდენობის გამო ხელისუფლებამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულ კარანტინში მოაქცია. მცირე გამონაკლისების გარდა აკრძალულია ამ რეგიონში როგორც შესვლა, ისე – გამოსვლა.

24 მარტის 20:30 საათის მდგომარეობით, საქართველოსი კორონავირუსის დიაგნოზი 70 ადამიანს დაუსვეს, საიდანაც 9 გამოჯანმრთელდა, კარანტინშია 4 ათასზე მეტი ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 250-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი