უკრაინაში, ტერნოპოლსკის ოლქში კორონავირუსით დაავადებულ მღვდელს კონტაქტი დაახლოებით 500 ადამიანთან ჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ ჰერაშენკომ ICTV-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
„სასულიერო პირი ტერნოპოლის ოლქიდან 19 მარტს იყო ჰოსპიტალიზირებული. ახლა ტერნოპოლის საქალაქო საავადმყოფოს რეანიმაციაშია. პოლიციაში დავთვალეთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში 500 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. იყო ღვთისმსახურებაზე, ატარებდა სამგლოვიარო ცერემონიალს. ახლა ვეძებთ ამ ადამიანებს [ვისაც მასთან კონტაქტი] ჰქონდა“, — აღნიშნა ჰერაშენკომ.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც მღვდელთან კონტაქტი ჰქონდა, სახლში დარჩენილიყვნენ და შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაცია შეეტყობინებინათ.
ჰერაშენკოს თქმით, მღვდელმა სხვებთან კონტაქტისას არ იცოდა, რომ ვირუსით იყო დაავადებული.
უკრაინაში კორონავირუსით დაავადების 97 შემთხვევაზეა ცნობილი. გარდაიცვალა 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1.
კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:
- დაავადების შემთხვევა: 395,647 მსოფლიოში, 67 საქართველოში
- გამოჯანმრთელების შემთხვევა: 103,317 მსოფლიოში, 9 საქართველოში
- გარდაცვალების შემთხვევა: 17,241 მსოფლიოში, 0 საქართველოში







