ახალი ამბები

მარნეულსა და ბოლნისში ღია სივრცეებში მუშაობა გაგრძელდება – თურნავა

24 მარტი, 2020 • 1023
მარნეულსა და ბოლნისში ღია სივრცეებში მუშაობა გაგრძელდება – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ღია სივრცეებში მუშაობის გაგრძელება კვლავ დაშვებული იქნება. ამის შესახებ თურნავამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, შეგვიძლია, რომ დავუშვათ ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომელიც არ საჭიროებს დახურულ სივრცეში მუშაობას. ანუ ისეთი წარმოებები, როგორიცაა კარიერების დამუშვება, ქვიშა-ხრეშის მოპოვება, საშენ მასალათა წარმოება, რომელიც არ ხორციელდება დახურულ სივრცეში და სხვა ისეთი სამუშოები, რომელიც არის ღია სივრცეში განლაგებული, ის განაგრძობს მუშაობას”, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოების სია გამოქვეყნებული იქნება უახლოეს მომავალში.

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, რაც ითვალისწინებს ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტასაც, გარდა იმ წარმოებებისა და მომსახურებისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო უზრუნვეყოფასთან, ასევე, სააფთიაქო მომსახურებასთან, საწვავთან, საბანკო მომსახურებასთან და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი