ახალი ამბები

სასულიერო პირებმა მინსკი ნაკურთხი წყლით ვერტმფრენიდან აკურთხეს

23 მარტი, 2020 • 1591
სასულიერო პირებმა მინსკი ნაკურთხი წყლით ვერტმფრენიდან აკურთხეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სასულიერო პირებმა ქალაქს ვერტმფრენით შემოუფრინეს და „ბელარუსული მიწა ნაკურთხი წყლით აკურთხეს“. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „მინსკ ნოვოსტი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, 23 მარტს ჯერ წყალი ეკლესიაში აკურთხეს, შემდეგ კი ლოცვა ჩაატარეს. ბელორუსული მედიასაშუალების ცნობით, რიტუალის ჩატარების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

„შემთხვევითი არ იყო, რომ ათასწლეულობის განმავლობაში ადამიანები ჯვარს მიმართავდნენ. ქრისტეს ტანჯვის წყალობით, ის [ჯვარი] გახდა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო“, — აღნიშნა ლოცვისას მიტროპოლიტმა პავლემ.

„ყველას მოვუწოდებ, იფიქროს, როგორ ვუდგებით მიმდინარე მოვლენებს. კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა პანიკამ გონების დაბინდვა გამოიწვია. მან ადამიანთა გულებში დაბნეულობა მიიტანა, მაგრამ ჭეშმარიტად მორწმუნეთათვის ის საშიში არაა“, — დასძინა მან.

ლოცვის შემდეგ ერთ-ერთი ტაძრის წინამძღოლმა თეოდორემ განაცხადა, რომ ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი ბელარუსის მიწას თავდასხმებისგან იცავდნენ.

შემდეგ მიტროპოლიტმა პავლემ და სხვა სასულიერო პირებმა მინსკს ვერტმფრენით შემოუფრინეს და ნაკურთხი წყლით აკურთხეს, რათა „უფალმა ბელარუსში ვირუსი დააშოშმინოს“.

მინსკი არ არის პირველი ქალაქი, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიისას სასულიერო პირებმა აკურთხეს. რამდენიმე დღის წინ ქართველმა სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები ავტომობილებით მოიარეს და აკურთხეს.


კორონავირუსი მსოფლიოში 330 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც გარდაიცვალა 15 ათასამდე, გამოჯანმრთელდა თითქმის 100 ათასი. ბელარუსში დაფიქსირდა 76 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 15. საქართველოში აღრიცხულია დაავადების 54 ფაქტი, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი