ახალი ამბები

მარნეულ-ბოლნისის ყველა შემოვლით გზას ვაკონტროლებთ – სუბარი

23 მარტი, 2020 •
მარნეულ-ბოლნისის ყველა შემოვლით გზას ვაკონტროლებთ – სუბარი

პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ჩაკეტილი რეგიონი ფეხით, მინდვრების გავლით დატოვოს. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ავტომობილებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის კანცელარიაში ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა სწორედ სუბარს დაავალა მარნეული-ბოლნისის კარანტინისა და იქ არსებული ვითარების კოორდინაცია.

“სოციალურ ქსელებში ვრცელდება ძალიან ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს შემოვლითი გზები, რომლის საშუალებითაც მანქანები გადაადგილდებიან. ყველა ასეთ ინფორმაციას, რაც მოდის ჩემამდე, ვამოწმებთ შესაბამის სტრუქტურებთან.

გადამოწმებისას კი ყოველ შემთხევაზე აღმოჩნდა, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა ეს იციან, ეს გზა გადაკეტილია. უბრალოდ, როდესაც ბოლნისიდან ან მარენულიდან გადის მანქანა ამ მიმართულებით, ხალხს ჰგონია, რომ ის წავიდა, მაგრამ სინამდვილეში ისინი იძუელბული არიან გაჩერდნენ მუნიციპალიტეტის საზღვარზე და გამობრუნდნენ უკან. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ დაფიქსირდეს მინდვრების გავლით, ფეხით გადასვლის 2-3 შემთხვევა, თუმცა ავტომობილების გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კორონავირუსის გამო მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა. 23 მარტი, 2020/ფოტო: შსს


23 მარტის 14 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი