ახალი ამბები

მაქსიმუმ 2 მგზავრი და ღია ფანჯრები – ახალი წესები ტაქსებისთვის

23 მარტი, 2020 • 1970
მაქსიმუმ 2 მგზავრი და ღია ფანჯრები – ახალი წესები ტაქსებისთვის

თბილისის მერიის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  მგზავრის გადაყვანის დროს ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ.

მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს – მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

“მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას – დარჩით სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.


23 მარტის 13 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი