ახალი ამბები

ვთხოვ ეკლესიას, აუხსნან მრევლს რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს – კალაძე

22 მარტი, 2020 • 1626
ვთხოვ ეკლესიას, აუხსნან მრევლს რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს – კალაძე

კახა კალაძე მიმართავს საეკლესიო პირებს და სთხოვს მათ, აუხსნან მრევლს, რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს.

კალაძემ ამის შესახებ „პოსტ ტვ-ს“ ეთერში განაცხადა, მის სიტყვებს კი მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა, დაცული იყოს დაავადებისგან და ხელი შეუწყოს ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ზომებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა სიტუაციის მართვა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით და ნაბიჯებით, რომელიც განხორციელდა.

ექიმების ვალდებულებაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ.

ნებისმიერი კონფესიის სასულიერო პირის ვალდებულებაა ლოცვა, ხალხის გამხნევება, რწმენით ნუგეშისცემა. მოქალაქეების ვალია დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს,“ – ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად, კარანტინისა და თვითიზოლაციის რეკომენდაციისა, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები წესებს არ ემორჩილებოდნენ.

„მინდა, ვთხოვო თითოეულ სასულიერო პირს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რჩევები, პროფესიონალების რეკომანდაციები, არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას.

ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ეს ბრძოლა საქართველოში ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენ ქვეყანას ყოველთვის აძლიერებდა ჩვენი ეკლესიის თანადგომა, ლოცვით, სიბრძნით და რწმენით,“ – ამბობს კალაძე და მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან.


საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა დასტურდება, აქედან 3 მოქალაქე გამოჯანმრთელებულია. თუმცა, მიუხედავად ვირუსის გავრცელებისა და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა – ტაძრებში დღეს საკვირაო წირვა გაიმართა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას პრემიერმა გიორგი გახარიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდებოდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ დეკრეტში რაიმე რიცხვი არ წერია;

თალაკვაძემ ასევე დასძინა, რომ „დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რიტუალში მონაწილეობა ამ უფლების ნაწილია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი