ახალი ამბები

რწმენის კი არა, ვირუსის გავრცელების შეზღუდვაზეა საუბარი – ბაქრაძე

21 მარტი, 2020 • 799
რწმენის კი არა, ვირუსის გავრცელების შეზღუდვაზეა საუბარი – ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საუბარი არ არის რწმენისა და აღმსარებლობის შეზღუდვაზე, არამედ ვირუსის გავრცელების შეჩერებაზე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 21 მარტს განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდება.

გიორგი გახარიას ჰკითხეს, ეს შეზღუდვა ეხება თუ არა ეკლესიებსაც, რაზეც მან განაცხადა: „საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“.

წინა დღეს, 20 მარტს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მრავალსაათიანი კრების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ეკლესიებში არც მსახურება ჩერდება და არც ზიარების წესი იცვლება.

მოგვიანებით, მას შემდეგ, პარლამენტმა საგანგებო რეჟიმი დაამტკიცა, პარლამენტის თავმჯომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის შესაბამისი დეკრეტით რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ იზღუდება: „შესაბამისად, ამ მომენტისთვის რიტუალში მონაწილეობა ამ უფლების ნაწილია“.

დავით ბაქრაძემ განაცხადა: „დღეს მოვისმინე ძალიან მკაფიო განმარტება გიორგი გახარიასგან და მოვისმინეთ გაუგებარი განმარტება თალაკვაძისგან. აქ საუბარი არ არის რწმენის ან აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვაზე. საუბარია ვირუსის გავრცელების შეზღუდვაზე. არა იმაზე, რწმენა აუკრძალო და იმის კეთება, რაც შინაგანი ღირებულებებიდან გამომდინარეობს, არამედ საუბარია, რომ გადაიდგას ნაბიჯები, რაც ვირუსს შეაჩერებს“.

ბაქრაძემ ასეთი მაგალითი მოიყვანა: „ხელისუფლებას შემოაქვს შეზღუდვები, რომ მაღაზიებში 10-ზე მეტი ადამიანი ვერ შევა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ჭამას ვუკრძალავ. ადამიანებს ერთად ყოფნას ვუკრძალავთ და არა ჭამას“.

„ზუსტად ასევე, რელიგიის და რწმენის თავისუფლებას არავინ ეხება, მაგრამ არის ნაბიჯები, რაც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს. იმედია, ეკლესია მაღალ საზოგადოებრივ შეგნებას გამოიჩენს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი