ახალი ამბები

„მთვრალი სპილოების“ და „ვენეციელი დელფინების“ ამბები ყალბია – NatGeo

21 მარტი, 2020 • 1678
„მთვრალი სპილოების“ და „ვენეციელი დელფინების“ ამბები ყალბია – NatGeo

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ვირუსულად გავრცელებული რამდენიმე ამბავი ყალბი აღმოჩნდა, მათ შორის ადამიანების არყოფნისას ვენეციაში გედების და დელფინების „დაბრუნება“ და ჩინეთში სპილოების დათრობა, — იუწყება National Geographic.

სოციალურ ქსელებში ამ ამბებს მილიონობით გაზიარება ჰქონდა და არაერთი გამოცემის ჰედლაინებშიც მოხვდა, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა, როგორც National Geographic წერს, სინამდვილეში, ფაქტები ასეთია:

გედები, რომელთა ფოტოებიც ვირუსულად ვრცელდება, რეგულარულად ჩნდებიან ხოლმე ბურანოს არხებში, — ეს პატარა კუნძულია ვენეციიდან 40 კმ-ის მოშორებით; შესაბამისად, ეს იქაურობისთვის უჩვეულო მოვლენა საერთოდ არ არის;

„ვენეციელი დელფინების“ ფოტოები სინამდვილეში სარდინიის პორტშია გადაღებული — ხმელთაშუა ზღვაში, ვენეციისგან ასობით მილის დაშორებით.

ერთ-ერთი ასეთი ვირუსული პოსტი იყო ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, სპილოების „დათრობის“ შესახებ: რომ თითქოს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიცარიელის ფონზე, ჩინეთში, იუნანის პროვინციის ერთ-ერთი სოფელში, სპილოები სიმინდის ყანებში „შეიპარნენ“ და „30 ლიტრამდე სიმინდის მაჭარი დალიეს, რის შემდეგაც ჩაეძინათ“.

National Geographic წერს, რომ სულ ცოტა ხნის წინ იუნანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მართლაც ჩაიარეს სპილოებმა, მაგრამ ეს ამბავი საერთოდ არ არის უცხო — პირიქით, ხშირად ხდება ხოლმე — და არც ის არის მართალი, თითქოს ისინი სიმინდის ან ჩაის პლანტაციაში დათვრნენ და შემდეგ ჩაეძინათ.

გამოცემის თანახმად, ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, საიდან გაჩნდა ფოტოები, სადაც თითქოს იუნანელი „მთვრალი სპილოები“ ჩანან, თუმცა ეს ფოტოები ნამდვილ ამბავს არ ასახავს.

„ეს ფენომენი ხაზს უსვამს, როგორ სწრაფად შეუძლია თვალისმომჭრელ ჭორებს, — ისეთებს, რომლებიც ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ ნამდვილი იყოს, — გავრცელდეს, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, – წერს გამოცემა.

NatGeo-ს თანახმად, „ადამიანები იძულებულნი ხდებიან, გააზიარონ ემოციური ფოტოები/პოსტები, რაც მათ გულს უჩუყებს… როდესაც სტრესში ვართ, ცხოველების სახალისო ფოტოების გაზიარებაზე უარს ვერ ვამბობთ“. რატომ ხდება ასე?

გამოცემას ჩაწერილი ჰყავს ვებ-დეველოპერი, რომელიც ყალბი ამბების გამოძიებითაა დაკავებული. ის ამბობს, რომ ხშირად აწყდება „ვირუსულობის დაუოკებელ სურვილს“, რაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობს.

სტენფორდის უნივერისტეტის ერთ-ერთი მკვლევრის თანახმად, ათასობით კომენტარი და მოწონება „გვანიჭებს მყისიერ სოციალურ ჯილდოს — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავს კარგად გვაგრძნობინებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი