ახალი ამბები

პროცესების ნაწილი სასამართლოებში დისტანციურად ჩატარდება

20 მარტი, 2020 • 1612
პროცესების ნაწილი სასამართლოებში დისტანციურად ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლოებში საქმეების ნაწილის განხილვა დისტანციურად ჩატარდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

როგორც საბჭოს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გენერალური პროკურორის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელისა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამ თვალსაზრისით მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელების გზებზე იმსჯელეს. შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება მაქსიმალურად დისტანციურ სამართალწარმოების რეჟიმზე გადავა.

„შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიდეთ დისტანციური საქმის წარმოების პროცესზე. პროცესები ჩატარდება დისტანციურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით. ასევე, სასამართლო მაქსიმალურად უზრუნველყოფს მხარეებისთვის შესაძლებლობას, რომ სარჩელები და სხვადასხვა დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით, ამისათვის მხარეებს აღარ დასჭირდეთ სასამართლოში გამოცხადება.

ერთმანეთთან გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს ელექტრონული წარმოების პროცესი, რათა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მსგავსად სასჯელაღსრულებაში მოთავსებული პირების, პატიმრების საქმეების განხილვაც მოხდეს დისტანციურად“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ. მის კომენტარს საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი